Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატები ტრამპს აფრთხილებენ, არ მოხსნას საგანგებო მრჩეველი მიულერი


აშშ-ის კონგრესში წამყვანი დემოკრატები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებენ, არ მოხსნას იუსტიციის სამინისტროს საგანგებო მრჩეველი, რომელიც იძიებს ცნობებს რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიმდინარე კვირაში ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, ტრამპი „განიხილავს“ რობერტ მიულერის გათავისუფლებასო. მიულერი გასულ თვეში დაინიშნა საგანგებო მრჩევლად. თუმცა ახლა თეთრი სახლი ამბობს, რომ ტრამპი არ აპირებს ეს გააკეთოს - თუმცა ამის „უფლება“ აქვს. მაინც, მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობიდან მოხსნა გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ს დირექტორი ჯეიმს კომი - რომელიც სათავეში ედგა რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას - თეთრი სახლის განცხადებები შეშფოთებას იწვევს კონგრესმენებში - ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა მიულერსაც იგივე ბედი ეწიოს, გამოძიება თუ პრეზიდენტის საწინააღმდეგო მიმართულებით განვითარდება. სენატის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლის, დემოკრატ დაიან ფეინშტეინის თქმით, მას სულ უფრო მეტად უღრმავდება შიში, რომ ტრამპი მიულერის მოხსნასაც შეეცდება. „ტვიტერით გავრცელებული შეტყობინებებით პრეზიდენტი ავრცელებს მესიჯს, რომ, მისი რწმენით, კანონის უზენაესობა მას არ ეხება და ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მოხსნიან“ - ამბობს ფეინშტეინი და დასძენს - თუ ტრამპი ფიქრობს, რომ ამ გზით გამოძიების შეჩერება შეუძლია, მას უსიამოვნო გამოფხიზლება ელის წინ, რადგან ეს მისი უერთგულესი მომხრეებისთვისაც კი მიუღებელი ნაბიჯი იქნებაო.

XS
SM
MD
LG