Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის უმცირესობამ კვლავ მოითხოვა პლებისციტის ჩატარება


საქართველოს პარლამენტის უმცირესობამ კვლავ მოითხოვა პლებისციტის ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. „იმ ფონზე, როცა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის არანაირი რესურსი არ დარჩა და პოლიტიკურ ჩიხში ვართ შესული, ხალხს უნდა დავეკითხოთ, როგორი ტიპის კონსტიტუცია სურს“, - განაცხადა თბილისში, დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ. მან წარმოადგინა პლებისციტის მომხრე, 150 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც ბაქრაძის ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ მიერ შეგროვებული ხელმოწერების მხოლოდ ნაწილია. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი არ არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ მმართველ პარტიაშიც. ”შედეგად მივიღეთ ის, რომ პროპორციულ სიებზე გადასვლა გადატანილი იქნება 2024 წლისთვის“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური კონსენსუსია. “დღეს შეიქმნა სიტუაცია, როცა სრული ანტიკონსენსუსი გვაქვს, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება,“ ხოლო მეორე მხარეს ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და ომბუდსმენი და უფრო მეტიც, გუშინდელმა კონსულტაციებმა ღიად დაადასტურა, რომ თავად „ქართულ ოცნებაშიც“ კი არსებობს სერიოზული განსხვავებები”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გახდება მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი.

XS
SM
MD
LG