Accessibility links

ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიის მე-40 რაუნდი


დღეს ჟენევაში იწყება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-40 რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღის წესრიგის მთავარი საკითხებია რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება და შესრულება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. თბილისის დელეგაციის წევრები ისაუბრებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და უკანონო დაკავების ფაქტებს და მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, თბილისის დელეგაცია მოითხოვს მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი. „ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ხელი დააფაროს მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მე-40 რაუნდი 21 ივნისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG