Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო "კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე მსჯავრდებულები


თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის ოქტომბერში გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმად, ფირცხალავას და ცააძეს ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისჯილი აქვთ 12-12 წლით პატიმრობა. მსჯავრდებულთა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებულების უდანაშაულობა დადასტურებულია, თუმცა, ზეგავლენის ქვეშ მყოფმა სააპელაციო სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა. ველიჯანაშვილის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო გაასაჩივრებს. ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს არც უზენაესი სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს, ამიტომ საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. თბილისის კორტებთან 2006 წლის მაისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული გამოძიების შედეგად, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სპეცოპერაციას არაფერი ჰქონდა საერთო დანაშაულის აღკვეთასა და დამნაშავის შეპყრობასთან და რეალურად წარმოადგენდა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის სახელით შენიღბული მაღალი თანამდებობის პირების მიერ პირადი ანგარიშსწორების მოტივით ჩადენილ სასტიკ მკვლელობას.

XS
SM
MD
LG