Accessibility links

ირანის უზენაესი ლიდერი ერაყს მოუწოდებს, ნუ დაასუსტებს შიიტების სამხედრო შენაერთებს


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი გააფრთხილა, ნუ დაასუსტებს შიიტების გასამხედროებულ შენაერთებს იმის იმედით, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხამენეიმ 20 ივნისს ერაყის პრემიერთან თეირანში შეხვედრისას თქვა, რომ შიიტი მებრძოლები არიან მთავარი ძალა, რომელმაც ერაყში უკან დაახევინა სუნიტ ექსტრემისტებს და ბაღდადი არ უნდა ენდობოდეს შეერთებულ შტატებს. შიიტი მებრძოლების „სახალხო მობილიზაციის ძალები“, ბაღდადს დაეხმარნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, როცა 2014 წელს ერაყის სამხედრო და პოლიციის ძალებში მასობრივი დეზერტირობა დაიწყო. ირანის მხარდაჭერით მოქმედი შიიტი მებრძოლების რიცხვი ამჟამად, სავარაუდოდ, 60 ათასს აღემატება. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ბრძოლაში „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში მდებარე რეგიონების გასათავისუფლებლად. მაგრამ სუნიტები, რომლებიც ექსტრემისტებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ხშირად ადანაშაულებენ შიიტ მებრძოლებს ძარცვაში, ადამიანების მოტაცებასა და მკვლელობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG