Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო აქებს ევროკავშირის „სოლიდარობას“ უკრაინის მიმართ


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინისათვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს ქვეყნისადმი დამოკიდებულებაში ევროკავშირის „ერთიანობასა და სოლიდარობას“. ეს შეფასება პოროშენკომ გამოთქვა ბრიუსელში მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ესაუბრა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის რუსეთის მიმართ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციებზე. „მქონდა სიამოვნება, პრეზიდენტ ტუსკთან ერთად განმეხილა და შემეთანხმებინა (უკრაინაში რეფორმების ძალისხმევა,) ზომები უკრაინის მიწაზე მშვიდობის დასამკვიდრებლად ჩემს და ყველა ჩვენგანის დასახმარებლად. ძალისხმევა ახლა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩემი შეხვედრის შემდეგ, რადგან სულ რამდენიმე საათის წინ, წუხელ ჩამოვედი ვაშინგტონიდან და ძალიან დამაიმედებელი მოლაპარაკება გვქონდა, პირველ რიგში, სანქციების შესახებ. როგორც იცით, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები შემოიღო და დაადასტურა, რომ სანქციები ძალაში დარჩება მინსკის (შეთანხმებების) მთლიანად შესრულებამდე“, - განაცხადა პოროშენკომ ბრიუსელში, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 22-23 ივნისს იმართება, მოსალოდნელია, რომ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შემოღებული სანქციების გახანგრძლივებაზე.

XS
SM
MD
LG