Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებათა სადავო პროექტი


საქართველოს პარლამენტმა ერთხმად - 115 ხმით - პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებათა პროექტი. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ისინი ასევე 115 ხმით მიემხრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ახალ რედაქციას. ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიებს ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვისათვის, რომელიც 21 ივნისს დაიწყო. ბოიკოტის მიზეზია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს არა 2020 წლიდან, როგორც ეს საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი ვერსიით იყო გათვალისწინებული, არამედ 2024 წლიდან. ამ გადაწყვეტილების მიმართ ასევე უარყოფითი დამოკიდებულების გამო, 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, აღარ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვაში. მათთვის მიუღებელი და გაუმართლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, საყოველთაო-სახალხო განხილვის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ შეცვალა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ჩანაწერი და 2024 წლამდე გადადო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ბევრის კრიტიკას იწვევს ასევე ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG