Accessibility links

სასამართლო განაგრძობს განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის საქმის განხილვას


თბილისის საქალაქო სასამართლო დახურულ კარს მიღმა განაგრძობს განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის განხილვას. დახურულ სხდომას ესწრებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები. მთავარი პროკურატურა გიორგი მამალაძეს ადანაშაულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში, მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით. სასულიერო პირი ამ ბრალდებას უარყოფს. 21 ივნისს, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. შეხვედრის შემდეგ, დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შეფასებით, პატრიარქს სრული ინფორმაცია არ აქვს, ოჯახის წევრებს კი, საუბარს აწყვეტინებდა არქიმანდრიტი, გიორგი ჭინჭარაული. დღეს საპატრიარქომ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა 21 ივნისს გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერი. საპატრიარქოს განცხადებით, მედიასივრცეში გავრცელდა საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია, ამიტომ საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს რა და როგორ ითქვა. „საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო. ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება”, - ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქოს მიერ ჩანაწერის გამოქვეყნების მიმართ შეკითხვები აქვს, დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას. „მამა დავით ჭინჭარაული ხელით როგორ აჩერებდა დეკანოზის ძმას, ან უწმინდესი როგორი გაოცებული უსმენდა თორნიკე მამალაძის სიმართლეს, აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატის თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, მიმდინარეობდა არა მხოლოდ აუდიო, არამედ ვიდეოჩაწერაც და ეს მასალები სრულად უნდა გამოქვეყნდეს.

XS
SM
MD
LG