Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი


კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, მაქსიმ შაპოვალი. ოფიციალური განცხადებით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აფეთქების მსხვერპლი 1978 წელს იყო დაბადებული. პოლიცია აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა 27 ივნისის დილას, 8:16 საათზე მიიღეს შეტყობინება, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა აფეთქდა კიევში, სოლომიანსკის რაიონში, დაიღუპა მანქანაში მყოფი პირი და დაიჭრა ერთი გამვლელი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, არტიომ შევჩენკომ უკრაინის ტელევიზიასთან საუბრისას თქვა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ კილოგრამამდე ტროტილს შეიცავდა. „ვფიქრობ, ახლა ყველაფერი არის იმათ ხელში, ვინც გამოძიებას აწარმოებს: უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურატურის ხელში, რადგან მსხვერპლი მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, როგორც თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სარდლობის პოლკოვნიკი“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლა, რამდენჯერმე მოეწყო აფეთქებები კონფლიქტის ზონის მიღმა. ერთ-ერთი გახმაურებული ინციდენტი 2016 წლის ივლისში მოხდა კიევში, როცა ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ჟურნალისტი პაველ შერემეტი. გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 ათასს აღემატება.

XS
SM
MD
LG