Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

29 ივნისს ამოქმედდება აშშ-ში ექვსი მუსლიმური ქვენის მოქალაქეთა შეშვების შეზღუდვა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის შეუდგება ექვსი, უმეტესწილად, მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შესვლის დროებითი შეზღუდვის შესრულებას. ეს მოხდება 29 ივნისს, ანუ 72 საათში მას შემდეგ, რაც ეს ზომა, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, დაუშვა უზენაესმა სასამართლომ, თუმცა, დაუშვა გარკვეული შეზღუდვებით. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა აღნიშნა, აშშ-ის მთავრობა პირებს, ვინც შეერთებულ შტატებში ჩასვლას აპირებს, „ორგანიზებულად და დროულად“ გააცნობს აკრძალვის დეტალებს. ტრამპმა „სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის აშკარა გამარჯვება“ უწოდა უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტები, რომლებიც ბლოკავდა ტრამპის განკარგულებას, 90 დღით აიკრძალოს შეერთებულ შტატებში ექვსი, უმეტესწილად მუსმლიური, ქვეყნის მოქალაქეების შეშვება. ეს ქვეყნებია ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა არ ეხება პირებს, რომლებსაც „დასაბუთებული კავშირი აქვთ“ პირებთან, ან ორგანიზაციებთან აშშ-ში. ამავე დროს, ტრამპის განკარგულება ითვალისწინებს აშშ-ის ლტოლვილთა პროგრამის 120 დღით შეჩერებას.

XS
SM
MD
LG