Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი შეხვდა თბილისიდან სავარაუდოდ მოტაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, თბილისიდან სავარაუდოდ მოტაცებული აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევას თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ დაინტერესებულია მუხთარლის საქმით და მომავალშიც ინტერესით მოეკიდება მას. ამის შესახებ მუსტაფაევამ განაცხადა 27 ივნისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ. აფგან მუხთარლი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. საქართველოს პრეზიდენტთან მუხთარლის მეუღლის დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილიც: „პრეზიდენტისაგან მოვისმინეთ, რომ ის მომავალშიც აქტიურად მიადევნებს თვალს საქმის შემდგომ განვითარებას და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმე როგორც კონკრეტული ადამიანის უფლებების და კონკრეტული დაზარალებულისათვის, ასევე, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისათვის და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის“, - განაცხადა ადვოკატმა. პრეზიდენტთან შეხვედრამდე ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს მადლობას გადაუხდიდა მისი ობიექტური პოზიციისთვის და, ამავე დროს, ფიქრობს, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მადლობას არ იმსახურებენ, რადგან ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ ალიევის რეჟიმს ემსახურებიან“. ეს შეფასება მან გამოთქვა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

XS
SM
MD
LG