Accessibility links

ხუთმა სკოლამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, თურქეთს უარი უთხრას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციაზე


დემირელის კოლეჯის პარტნიორმა ხუთმა სკოლამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, თურქეთს უარი უთხრას კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციაზე. პეტიციას ხელი მოაწერეს პარტნიორი სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეთა მშობლებმა და კურსდამთავრებულებმა. დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლების წარმომადგენელთა დღევანდელ შეხვედრას დაესწრო ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა მის ქმარს და ოჯახის სხვა წევრებს მიანიჭებს ლტოლვილის სტატუსს. ქართველმა სამართალდამცავებმა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს შეუფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა. თურქეთის ხელისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს ადანაშაულებს ფეტულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ საქმიანობის ხელშეწყობაში, რასაც ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მისი წარმომადგენლები ჩაბუქს 29 ივნისს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდებიან პროცედურით დადგენილი გასაუბრების მიზნით.

XS
SM
MD
LG