Accessibility links

ევროკავშირმა კიდევ ექვსი თვით გააგრძელა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ვადა


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა კიდევ ექვსი თვით გააგრძელეს რუსეთის საწინააღმდეგო ეკონომიკური სანქციები. მანამდე, გასულ კვირაში, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელში სამიტის დროს მოილაპარაკეს სანქციების კიდევ ნახევარი წლით, 31 იანვრამდე გაგრძელებაზე. სამიტის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცავენ აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები - უკრაინის ჯარები და რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტები - 2015 წლის მინსკის შეთანხმებებს. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად, გაეროს ინფორმაციით, 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. როგორც ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ევროპელი დიპლომატებისაგან შეიტყო, ევროკავშირის წევრებში ფართო კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი კვლავაც კრიტიკული უნდა იყოს მოსკოვის მიმართ უკრაინის საკითხში, მაგრამ ამავე დროს აწარმოოს დიალოგი საგარეო პოლიტიკის სხვა თემებზე. ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ძირითადად მიმართულია რუსეთის საბანკო და საფინანსო სექტორების წინააღმდეგ, პირველად 2014 წლის ზაფხულში დააწესეს. ეს იყო რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერაზე.

XS
SM
MD
LG