Accessibility links

ბათუმში გაიმართა ირაკლი კობახიძის გიორგი კვირიკაშვილისა და ჯანი ბუკიკიოს შეხვედრა


დღეს, ბათუმში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეხვედრა. მას დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ კარგი დისკუსია შედგა. „პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას უნდა ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმურობა, ანუ ცვლილებები მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის შედეგად და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ“ - განაცხადა დღეს ჯანი ბუკიკიომ. მანამდე, 28 ივნისს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებით. ჯანი ბუკიკიოსთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს აუხსნეს, რამ განაპირობა და როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. „ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ვენეციის კომისიასთან, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ ისეთ სამართლებრივ სისტემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ავტოკრატიას. „ეს მიზანი პირდაპირაა ასახული ქვეყნის ძირითად კანონში და სწორედ ეს განაპირობებს დოკუმენტის ლეგიტიმურობას“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. დღესვე, 15 საათზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ბათუმში შეხვდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG