Accessibility links

პრემიერის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის ვენეციის კომისიასთან მუშაობის გასაგრძელებლად


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი მზად არის კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე განაგრძოს პოლიტიკური დიალოგი და ვენეციის კომისიასთან მუშაობა. „თუმცა, არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯებისა, რომლებიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტია“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და სრულ შესაბამისობაშია მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში არსებულ ყველაზე მაღალ, დემოკრატიულ სტანდარტებთან. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპექტრი ბოლო 10 წელია უშედეგოდ მოითხოვდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. „უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მიღებულია სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებად დაასახელა ისიც, რომდაბალანსდება ძალთა განაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის,მნიშვნელოვნად გაიზრდება პარლამენტის როლი და გამარტივდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადასვლის გამო, 2020 წლის მოწვევის პარლამენტისთვის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3%-მდე დაიწევს. “უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მოძებნილიყო ნიადაგი პოლიტიკური კონსენსუსისთვის, დღეს კი ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG