Accessibility links

ეკა გიგაურის განცხადებით, ბუკიკიოსთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სისტემის რეფორმის გადადებაზე


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მიესალმა არასამთავრობო სექტორის მზადყოფნას, მოდერაცია გაუწიოს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მოლაპარაკებას, რომელიც ჩიხშია შესული. ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჯანი ბუკიკიოსთან დღევანდელ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სისტემის რეფორმის შვიდი წლით გადადებაზე და აღინიშნა, რომ დემოკრატული პროცესის გადავადება საქართველოსთვის კარგი არ იქნება. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის პროცესში ჩაერთოს, რათა ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ. „მთავარია, რომ საარჩევნო სისტემა დაუყოვნებლივ შეიცვალოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, არამედ მთლიანად დემოკრატია იქნება საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. მისი ინფორმაციით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს მკაფიო შეფასება აქვს იმის შესახებ, რომ ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია დოკუმენტის ლეგიტიმაციას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG