Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე


საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც 2 ივლისს, ღამით გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა დაახლოებით 2300 კვადრატული მეტრი ტერიტორია. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, მეხანძრე. დაშავებულთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარს, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა 150-მდე მეხანძრე-მაშველი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დღეიდან დაიწყება ზარალის დათვლა. ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორმა, გოჩა ხეცურიანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მოვაჭრეთა ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა. რაც შეეხება დანარჩენ მოვაჭრეებს, გოჩა ხეცურიანის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერს. მერია ყველას მოუწოდებს, პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ მოვაჭრეების ემოციური მდგომარეობა და ხანძრის მძიმე შედეგები. 2 ივლისს, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეჭვი გამოთქვა, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. ამასთან, მოვაჭრეთა ნაწილი მეხანძრეებს ბრალს სდებდა არაეფექტურ მუშაობაში. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახანძრო ეკიპაჟებმა დააგვიანეს, საკმარისი რაოდენობით წყალი არ ჰქონდათ და ხანძარს შეგნებულად არ აქრობდნენ.

XS
SM
MD
LG