Accessibility links

საუდის არაბეთის მეფემ გააუქმა „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის გეგმა


გერმანიის მთავრობის განცხადებით, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზი არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში, რომელიც 7-8 ივლისს გაიმართება გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. როგორც 3 ივლისს განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა, საუდის არაბეთმა ბერლინს შეატყობინა, რომ მონარქი არ ჩავა „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ზაიბერტს არაფერი უთქვამს მეფე სალმანის გადაწყვეტილების მიზეზზე. მაგრამ დიპლომატური წყაროების თანახმად, სამიტზე უარის მიზეზია ყატართან საუდის არაბეთის უთანხმოების გამწვავება. საუდის არაბეთმა და მისმა არაბმა მოკავშირეებმა ივნისში ბოიკოტი გამოუცხადეს ყატარს, რომელსაც ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ისინი ყატარისაგან მოითხოვენ, შეწყვიტოს ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ მხარდაჭერა, დახუროს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, შეზღუდოს ირანთან ურთიერთობა, დახუროს ყატარში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა. მეფე სალმანის ნაცვლად, „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწრება საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრი, მოჰამედ ალ-ჯადაანი.

XS
SM
MD
LG