Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ენერგოკომპანია „ტოტალმა“ მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა ირანთან


საფრანგეთის ენერგოკომპანია „ტოტალი“ აცხადებს, რომ ირანთან გააფორმა მრავალმილიარდიანი კონტრაქტი ოფშორული გაზის საბადოების ასათვისებლად. ეს არის პირველი მსხვილმასშტაბიანი დასავლური ინვესტიცია ირანში მას შემდეგ, რაც თეირანს 2016 წლიდან შეუმსუბუქდა სანქციები ბირთვულ პროგრამაზე მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან შეთანხმების შედეგად. 20-წლიან კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ფარსის ოფშორული საბადოს ათვისებას, ხელი მოაწერეს „ტოტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პუიანმა და ირანის ნავთობმრეწველობის მინისტრმა ბიჯან ნამადარ ზანგანეჰმა. „ტოტალმა“ შარშან ნოემბერში გააფორმა ირანთან წინასწარი შეთანხმება და 50,1%-ანი წილი მოიპოვა პროექტში, რომელიც შეფასებულია 4,8 მილიარდ დოლარად. ირანის კომპანია „პეტროპარსს“ ეკუთვნის 19,9%, ხოლო ჩინეთის ნავთობის ეროვნულ კორპორაციას 30%. ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდეს საბადოდ მიჩნეული რესურსების ათვისებას პირველად 1990-ან წლებში შეუდგნენ, როცა „ტოტალი“ იყო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი ირანში. მაგრამ 2012 წელს კომპანიამ ეს ქვეყანა დატოვა, რადგან საფრანგეთმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად სანქციები დაუწესა თეირანს ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობაში ეჭვმიტანის გამო.

XS
SM
MD
LG