Accessibility links

გერმანია ემზადება საპარლამენტო არჩევნებში რუსეთიდან მოსალოდნელი ჩარევისათვის ხელის შესაშლელად


გერმანია მოელის, რომ რუსეთი შეეცდება, გავლენა მოახდინოს სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, არამედ, ზოგადად, გერმანიის დემოკრატიისადმი ნდობის შესარყევად. ეს ვარაუდი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიემ გამოთქვა 4 ივლისს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე: „ვიხილეთ სავარაუდო გავლენა არჩევნებზე ამერიკაში, ვიხილეთ გავლენის მცდელობა არჩევნებზე საფრანგეთში. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გავლენა რუსეთიდან მოდიოდა. ამდენად, ვერ გამოვრიცხავთ - და შინაგანად საამისოდ ვემზადებით - რომ ასეთივე მცდელობა იქნება გერმანიაში არჩევნების შემთხვევაშიც“, - განაცხადა დე მეზიემ. მისივე თქმით, მოსალოდნელია, მოსკოვის ორგანიზებით, ერთი მხრივ, გერმანელი პოლიტიკოსების იმიჯის სავარაუდოდ დამაზიანებელი ინფორმაციის გაჟონვა და, მეორე მხრივ, გამოგონილი ცნობების გავრცელება. ხოლო გერმანიის საშინაო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ჰანს-გეორგ მაასენი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისათვის სვარაუდოდ, სასურველია გერმანიის კანცლერი აღარ იყოს ანგელა მერკელი. მერკელი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოქმედების გამო მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციების მომხრეა, მეოთხე ვადითაც არის დასახელებული კანცლერობის კანდიდატად. რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ უცხო ქვეყნების არჩევნებში ერევა.

XS
SM
MD
LG