Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი გააგრძელოს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე


საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი გააგრძელოს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, 5 ივლისს ტელეფონით ესაუბრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა დიალოგისთვის ხელისუფლების მზადყოფნის გამო. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადება საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა, განსხვავებით წინა, ანალოგიური პროცესებისგან. „ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ დიდი ნაბიჯები მანამდეც გადადგა და ახლაც მზად არის მოიძებნოს საკითხები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება დამატებით შეთანხმება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზეც. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მოწოდებულნი არიან, რომ წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებიც იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG