Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის მიტაცებაზე


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. სასაზღვრო ბანერის აღმართვის გამო ერთობლივი განცხადება გაავრცელა ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, ანექსიური პოლიტიკა და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა, რაც სერიოზული გამოწვევაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აშკარაა, რომ რუსეთის მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. „მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში პოზიციის მობილიზაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატით, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე არსებული მყისიერი საფრთხეები და ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები“ - ნათქვამია განცხადებაში. მისი ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, აუცილებლად შემუშავდეს ანტი-ანექსიური სტრატეგია და დაიგეგმოს მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებები. განცხადებას ხელს აწერენ, ”საქართველოს რეფორმების ასოციაცია,” ”მედიის განვითარების ფონდი,” ”კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი,” ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,” ”სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი,” ”საქართველოს ატლანტიკური საბჭო” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.”

XS
SM
MD
LG