Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში დასრულდა კარასინ-აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი


პრაღაში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი. წინა რაუნდის მსგავსად, შეხვედრის მთავარი საკითხი იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედება. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ბერშუეთის ინცინდენტზე და გრიგორი კარასინის გააცნო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. „აქ მე გვერდს ვერა ავუვლიდი ისეთ თემებს, როგორიც არის ოკუპირებულ ტეროტორიებზე არსებული ვითარება, საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, მრავალი დარღვევა, რომელიც ძალიან სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ჩვენ რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან დადგეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი, რომლის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ადგილობრივ მცხოვრებთა მიწის ნაკვეთები.

XS
SM
MD
LG