Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს სირიის, უკრაინის და აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ


ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც დაგეგმილ 35 წუთზე ბევრად მეტ ხანს გაგრძელდა. ლიდერებმა განიხილეს სირიის და უკრაინის საკითხები და ასევე შეეხენ ცნობებს რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტი არჩევნებში. აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 7 ივლისის შეხვედრა გაგრძელდა 2 საათის და 15 წუთის განმავლობაში და ასევე მოიცვა ჩრდილოეთ კორეის უკანონო იარაღის პროგრამის პრობლემა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და უთხრა, რომ ტრამპმა პუტინთან რამდენჯერმე წარმოჭრა აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის საკითხი. ტილერსონის თქმით, პუტინმა უარყო არჩევნებში რაიმე ფორმით ჩარევა. ეს საკითხი ამ ეტაპზე შესაძლოა გადაულახავი უთანხმოება იყოსო, დასძინა ტილერსონმა. ცალკე გამართულ ბრიფინგზე ლავროვმა თქვა, ტრამპმა "მიიღო" პუტინის უარყოფა არჩევნებში ჩარევის თაობაზეო. ლავროვმა ასევე დაადასტურა ასოშიეიტედ პრესის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-მა და რუსეთმა მიაღწიეს საზავო შეთანხმებას სირიის სამხრეთდასავლეთში, რომელიც 9 ივლისს ამოქმედდება. დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა მოსკოვთან კავშირების გაუმჯობესების სურვილი, თუმცა მისი ადმინისტრაცია განაგრძობს რუსეთზე საჯარო ზეწოლის განხორციელებას, მათ შორის სანქციების გზით - რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ტრამპის ადმინისტრაციას ჩრდილს აყენებს აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეფასება, რომ კრემლმა შეუკვეთა ჰაკერული და პროპაგანდის კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა ტრამპის დახმარებას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად - მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტის გარემოცვის წევრებს და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის კონტაქტებს იძიებს როგორც აშშ-ის კონგრესი, ისე FBI, გამოძიების ფედერალური ბიურო. 6 ივლისს ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს, ტრამპმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს "დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებები უკრაინაში და სხვაგან" და ხაზი გაუსვა ვაშინგტონის ერთგულებას ნატოს მიმართ - ალიანსის, რომელსაც პუტინი აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობის გაზრდაში სდებს ბრალს. თუმცა, ტრამპმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს და კონგრესის ბევრ, როგორც რესპუბლიკელ, ისე დემოკრატ წევრს შორის არსებულ კონსენსუსს, რომ მოსკოვი აქტიურად ერეოდა აშშ-ის არჩევნებში. "ეს არავინ იცის დარწმუნებითო" - განაცხადა ტრამპმა 6 ივლისს, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად.

XS
SM
MD
LG