Accessibility links

პუტინი აცხადებს, რომ ტრამპი "დაეთანხმა" არჩევნებში რუსეთის ჩარევის უარყოფას


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მან სიღრმისეული დისკუსია გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გავრცელებულ ბრალდებებზე, რომ მოსკოვი ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - და, პუტინის თქმით, ტრამპმა გაიზიარა რუსეთის პოზიცია, რომ ამგვარ ბრალდებებს "საფუძველი არ აქვს". პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა 8 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ. ის ტრამპს სწორედ ამ სამიტის კულუარებში შეხვდა 7 ივლისს. რუსეთის პრეზიდენტმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა ვაშინგტონთან კავშირების გაუმჯობესების პერსპექტივაზე. ამ კავშირებს ამძიმებს უკრაინის და სირიის კონფლიქტები და აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების ცნობები იმის შესახებ, რომ ტრამპს გაპრეზიდენტებაში დაეხმარა კრემლის მიერ შეკვეთილი ჰაკერული და პროპაგანდის კამპანიები. "ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რათა გვჯეროდეს, რომ სულ მცირე ნაწილობრივ მაინც აღვადგენთ თანამშრომლობის საჭირო დონესო", უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს. შეხვედრის შესახებ პუტინის მონათხრობი განსხვავდებოდა აშშ-ის ვერსიისგან. პუტინმა, რომელიც ხშირად და გადაჭრით უარყოფს არჩევნებში ჩარევის ბრალდებას, ჰამბურგში ჟურნალისტებს უთხრა, ტრამპმა "რამდენიმე" შეკითხვა დასვა რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიის შესახებ ცნობებზეო. "ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია და მე ის ჩამოვაყალიბე: არ არსებობს საფუძველი დავიჯეროთ, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საარჩევნო პროცესში" - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ტრამპმა ეს პოზიცია "გაითვალისწინა" და ჩანდა, რომ მას "დაეთანხმა". "თუმცა მისი პოზიციის შესახებ მას უნდა ჰკითხოთო", დასძინა პუტინმა. პუტინის მონათხრობი იმეორებს მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ტრამპმა "მიიღო" პუტინის უარყოფა რუსეთის ჩარევის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა კი ვითარება სხვაგვარად აღწერა და განაცხადა, ეს შესაძლოა იყოს საკითხი, რომელთან მიმართებითაც უთანხმოება ამ ეტაპზე ვერ გადაილახებაო. ტილერსონმა დასძინა, რომ ტრამპმა "რამდენჯერმე" წამოჭრა ეს საკითხი პუტინთან საუბარში. თეთრმა სახლმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფილი იყო ლავროვის სიტყვები.

XS
SM
MD
LG