Accessibility links

ტრამპი: პუტინთან შეხვედრაზე სანქციები არ განხილულა


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სანქციების საკითხი არ განხილულა შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართა ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში. "სანქციები არ განხილულა პრეზიდენტ პუტინთან ჩემს შეხვედრაზე" - წერს ტრამპი ტვიტერზე და დასძენს "არაფერი გაკეთდება უკრაინის და სირიის პრობლემების გადაწყვეტამდე!" . პუტინმა და ტრამპმა პირველი შეხვედრა გამართეს პირისპირ. თავდაპირველად შეხვედრის ხანგრძლივობად 35 წუთი იყო განსაზღვრული, თუმცა ის ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და მოიცვა სირიის და უკრაინის კონფლიქტების საკითხები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პრობლემა, კიბერუსაფრთხოება და ცნობები რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. თავად ტრამპი ხშირად გამოდის მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოწოდებით, თუმცა მისი ადმინისტრაცია განაგრძობს რუსეთზე საჯარო ზეწოლის განხორციელებას, მათ შორის სანქციების სახით - რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტთა მხარდაჭერის გამო. ეს ზომები შემოიღო ტრამპის წინამორბედმა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელსაც თვალშისაცემად ცივი ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან და რომლის ადმინისტრაციაც ათვალწუნებული ჰყავდა კრემლს.

XS
SM
MD
LG