Accessibility links

სტოლტენბერგმა უკრაინას უწოდა ალიანსის „უნიკალური“ პარტნიორი


ნატოს გენერალური მდივანი წარმატებულად მიიჩნევს მიმდინარე რეფორმებს უკრაინაში, რომელსაც იენს სტოლტენბერგმა ალიანსის „უნიკალური პარტნიორი“ უწოდა. „ჩრდილოატლანტიკური საბჭო აქ კიევში ჩამოვიდა იმისათვის, რათა ვიზეიმოთ ჩვენი უნიკალური მეგობრობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ უკრაინის მრავალმხრივ წვლილს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. უკრაინა ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციასა და მისიაში მონაწილეობს, მათ შორის ავღანეთსა და კოსოვოში. ჩვენ აქ ვართ ასევე იმისათვის, რათა გამოვხატოთ ნატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა კიევში, ნატოს ატლანტიკური საბჭოს სესიის დაწყების წინ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ „უკვე აირჩია ნატოში გაწვერიანების“ გზა და ახალ მთელ ყურადღებას უთმობს რეფორმების განხორციელებას, რათა ქვეყანამ 2020 წლისათვის მიაღწიოს ნატოს სტანდარტებს. კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ და სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ ალიანსი დაიწყებს მსჯელობას უკრაინასთან იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რაც ნატოში ქვეყნის საბოლოო გაწევრიანებისათვის არის საჭირო.

XS
SM
MD
LG