Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს „ათასობით ჯარისკაცი უკრაინიდან“


უკრაინაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, რათა გაიყვანოს „თავისი ათასობით ჯარისკაცი“ უკრაინის ტერიტორიიდან. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის „უნიკალური პარტნიორი“ უწოდა უკრაინას, რომელიც 2020 წლისათვის ფიქრობს ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების მიღწევას. იმავე დღეს კიევში, უკრაინის უმაღლესი რადის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, სტოლტენბერგმა დიპლომატიურად მიანიშნა უკრაინელ კანონმდებლებს, რომ ალიანსი არ აპირებს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას. „უკრაინას ეფექტურ შეიარაღებაზე მეტად სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ინსტიტუტები; მას სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული ლიდერები; უკრაინას სჭირდება, რომ თქვენ იყოთ საუკეთესო, საუკეთესოებს შორის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაუსვა ხაზი უკრაინის სუვერენულ უფლებას აირჩიოს მისი უსაფრთოხებისათვის მისაღები გაერთიანების წევრობა, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ჩერნოგორიამ, დასავლეთ ბალკანეთის პატარა სახელმწიფომ, რომელიც ივნისის დასაწყისში ოფიციალურად გახდა ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა.

XS
SM
MD
LG