Accessibility links

ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმება


ევროკავშირის 28 წევრმა სახელმწიფომ 11 ივლისს ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმება. ეს არის ბოლო ნაბიჯი რატიფიკაციის პროცესში და შეთანხმება ძალაში შევა 1 სექტემბერს მასთან დაკავშირებული ნაბიჯების არაერთხელ გადადების შემდეგ. ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების გაფორმება ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, მოსკოვიდან ზეწოლის გამო, უარი თქვა ხელმოწერაზე, რასაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები კიევის ცენტრში და იანუკოვიჩის გადაყენება. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ შეთანხმებას ხელი მოაწერა 2014 წლის ივნისში, მაგრამ დოკუმენტის რატიფიკაცია გადაიდო ამ საკითხზე ნიდერლანდში გამართული რეფერენდუმის უარყოფითი შედეგის გამო. წელს ნიდერლანდში მაინც მოხდა შეთანხმების რატიფიცირება იმ დათქმით, რომ ასოცირების შეთანხმება არ აძლევს კიევს ევროკავშირში გაწევრიანების ავტომატურ უფლებას, ან ევროკავშირისაგან სამხედრო დახმარების მიღების გარანტიას.საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა 2014 წლის 27 ივნისს და ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისიდან. ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ არაწევრი ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. ასოცირების ხელშეკრულება შედგება ოთხი ძირითადი თავისგან, რომლებიც მოიცავს ერთობლივ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სამართალს და საშინაო საქმეებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. მეოთხე თავი რამდენიმე საკითხს ფარავს - მათ შორის, გარემოს დაცვას, მეცნიერებას, ტრანსპორტს და განათლებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG