Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი განიხილავს ზომებს აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი განიხილავს შესაძლო საპასუხო ზომებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, 2016 წლის დეკემბერში შეერთებული შტატებიდან გააძევეს 35 რუსი დიპლომატი და დახურეს რუსეთის მთავრობის მიერ გაკონტროლებული ორი რეზიდენცია. ლვროვმა ავსტრიაში ვიზიტისას თქვა, რომ მოსკოვი განიხილავს „კონკრეტული“ ზომების შესაძლებლობას. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ობამამ სანქციებზე გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსეთი შეეცადა, გავლენა მოეხდინა აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის დასახმარებლად. მაშინ დონალდ ტრამპმა შეაქო რუსეთის პრეზიდენტი იმის გამო, რომ თავი შეიკავა საპასუხო ზომების მიღებაზე. გაზეთმა „იზვესტიამ“ 11 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი განიხილავს 30 ამერიკელი დიპლომატის გაძევებისა და რუსეთში ამერიკელების მიერ გაკონტროლებული ზოგი ობიექტის ჩამორთმევის შესაძლებლობას. „იზვესტიას“ მონაცემებით, რუსეთი იმედგაცრუებულია, რომ საკითხი ვერ მოგვარდა ვერც ჰამბურგში 7 ივლისს რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრით.

XS
SM
MD
LG