Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ფულადი ჯილდო დააწესა რუს ტურისტებზე თავდამსხმელთა გამოსავლენად


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ფულადი ჯილდო დააწესა სანდო ინფორმაციისთვის პირებზე, რომლებიც თავს დაესხნენ რუს ტურისტებს და ერთი მათგანი მოკლეს. სოხუმის ტელევიზია დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მილიონ რუსულ რუბლს მიიღებს პირი, რომელიც სამართალდამცავებს დაუსახელებს თავდამსხმელთა ადგილსამყოფელს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ინფორმაციით, მოსკოვიდან ჩასულ ორ ოჯახს თავს 11 ივლისს დაესხნენ გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელებმა დანით მოკლეს რუსეთის მოქალაქე ანდრეი კაბანოვი და გაიტაცეს მისი და კიდევ ერთი ოჯახის წევრი ქალები და არასრულწლოვანი ბავშვები. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ინფორმაციით, გატაცებულები ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაათავისუფლეს, თავდამსხმელებმა კი გაქცევა შეძლეს.

XS
SM
MD
LG