Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის, „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნაში. კონფერენციაზე გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობს არა მხოლოდ სიკეთის საძიებლად, არამედ ამ პროცესში შეაქვს თავისი უნიკალური, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურა და პროცესში შედის, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მასტაბილიზირებელი, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებითვე, რეგიონში დაძაბულობის გამომწვევი მცოცავი ოკუპაციის და მის შესახებ ცინიზმით აღსავსე კომენტარების ფონზე, საქართველო ამ პრობლემის მიმართაც გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. „ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც ხდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის სახით, არის სწორედაც ევროპული სტანდარტის და ევროპულ ღირებულებებზე და გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება“, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო თავის მეგობრებს მოუწოდებს იყვნენ უაღრესად პრინციპულნი, როცა საქმე ეხება საქართველოს ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

XS
SM
MD
LG