Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია


„ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, თითოეული მოქალაქის კუთვნილება და პოლიტიკოსთა დიდი შრომის შედეგი უწოდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციას. „უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რადგან ეხება ღირსებას და ეროვნულ სიამაყეს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამან განგვიმტკიცა რწმენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი და სრულფასოვანი ევროპული სახელმწიფოა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია დადებითი გზავნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის ყველა სიკეთით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ძლიერი, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და მისი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. კონფერენციაზე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. „ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ და ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG