Accessibility links

კიევში, ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე განიხილეს კავშირების განმტკიცება


კიევში გამართულ ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე ორივე მხარე მიესალმა კავშირების განმტკიცებას, იმ ფონზე, როცა მიმდინარე კვირაში ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა კიევთან ასოცირების შეთანხმება, გასულ თვეში კი მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს. "ზუსტად ერთი თვის წინ, 11 ივნისს, უკრაინელებმა სრულად იგემეს ევროპული თავისუფლება - ევროკავშირში უვიზო მოგზაურობა" - განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ამ უფლებით უკვე ისარგებლა ბიომეტრული პასპორტის მქონე 100,000-ზე მეტმა მოქალაქემ. პოროშენკოს თქმით, ამ მოქალაქეებმა საკუთარი თვალით ნახეს ის, თუ რატომ ცდილობს კიევი ევროკავშირთან დაახლოებას. ამასთან, პოროშენკო გამოვიდა მოწოდებით მხარეებმა დაიწყონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასახვა - რათა ჩვენი ოცნება ასრულდესო. პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის რუსეთთან კონფლიქტში, რომელმაც 2014 წელს უკრაინისგან ყირიმის ანექსირება მოახდინა და შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში გააღვივა სეპარატისტული კონფლიქტი, რომელსაც ემსხვერპლა 10,000-ზე მეტი ადამიანი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა უკრაინელებს მოუწოდა ერთიან პოზიციებზე იდგნენ და შიდა კონფლიქტებს აარიდონ თავი. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინასო, განაცხადა ტუსკმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა უკრაინას მოუწოდა უფრო აქტიურად ებრძოლოს კორუფციას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG