Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ გაიზიარა ტრამპის შეზღუდვა მოგზაურებისთვის, რომლებსაც აშშ-ში ნათესავები ჰყავთ


შეერთებულ შტატებში, მოსამართლე დერეკ ვოტსონმა არ გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვა ექვსი, ძირითადად მუსლიმური ქვეყნის მოგზაურებისთვის და ლტოლვილებისთვის, რომლებსაც აშშ-ში ნათესავები ჰყავთ. ჰავაის საოლქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც ამერიკაში ბებია-ბაბუა, ბიძა, დეიდა ან სხვა ნათესავი ჰყავთ და ვისაც ამჟამად ქვეყანაში არ უშვებენ, უნდა შეძლონ აშშ-ში შესვლა. უოტსონს ჰავაის შტატმა მიმართა თხოვნით აეხსნა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღადგინა ტრამპის მერ შემოღებული, 90-დღიანი აკრძალვა ირანის, სირიის, სომალის, ლიბიის, იემენის და სუდანის მოქალაქეებისთვის, იმ შემთხვევების გამოკლებით, თუკი მათ „ნამდვილი“ კავშირები აქვთ ამერიკელ ნათესავთან ან ინსტიტუციასთან. ტრამპის ადმინისტრაციის ვერსიით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ მათ, ვისაც ამერიკელი მეუღლე, მშობლები, შვილები, საქმრო, საცოლე ან და-ძმა ჰყავთ - თუმცა სხვა, უფრო შორეული ნათესავების შემთხვევაში აკრძალვამ უნდა იმოქმედოს. მოსამართლე უოტსონის თქმით, ადმინისტრაციამ ოჯახური ურთიერთობის ცნება მეტისმეტად შეზღუდა, რადგან, მაგალითად, ბებია და ბაბუა ოჯახის უახლოეს წევრებს წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG