Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ადმინისტრაცია სავარაუდოდ დაეთანხმება შეფასებას, რომ ირანი იცავს ბირთვულ შეთანხმებას


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში სავარაუდოდ დაეთანხმება შეფასებას, რომ ირანი კვლავ იცავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების პირობებს - მიუხედავად ტრამპის მხრიდან ამ შეთანხმების კრიტიკისა. ამ ცნობას აშშ-ის მედია ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა 17 ივლისამდე უნდა შეატყობინოს კონგრესს კვლავაც იცავს თუ არა ირანი 2015 წლის შეთანხმებას, რომელიც თეირანისგან მოითხოვს ბირთვული სამუშაოების შეზღუდვას, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. კამპანიის მსვლელობისას ტრამპი აცხადებდა, რომ „დახევდა“ ამ, მისი თქმით, „ყველაზე უარეს შეთანხმებას“ - თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ აღიარა არა მხოლოდ ის, რომ ირანი შეთანხმებას იცავს, არამედ ისიც, რომ აშშ-იც ასე უნდა მოიქცეს. ირანის მხრიდან შეთანხმების შესრულების დამტკიცებას მომავალ კვირაში მოელიან, თუმცა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ასოშიეიტედ პრესი და როიტერსი იუწყებიან, რომ ტრამპი განაგრძობს ირანთან მიმართებით სტრატეგიის გადასინჯვას და შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაიფიქროს. აშშ-მა ირანს მოუხსნა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები, თუმცა ძალაში ტოვებს სანქციებს, რომლებიც დაწესებულია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის, ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების და ისრაელის მოწინააღმდეგე გასამხედროებული ჯგუფების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG