Accessibility links

რუსეთი „მნიშვნელოვან“ შეთავაზებებს ელის აშშ-სთან მოლაპარაკებში


მოსკოვი „მნიშვნელოვან“ შეთავაზებებს ელის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, ვაშინგტონში 17 ივლისს დანიშნული დიპლომატიური მოლაპარაკებებიდან აშშ-სა და რუსეთს შორის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 13 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი შეიძლება იძულებული გახდეს უპასუხოს 2016 წელს აშშ-ის მიერ 35 რუსი დიპლომატის გაძევებას და ორი დიპლომატიური შენობის ჩამორთმევას. ეს სანქციები გაატარა აშშ-ის წინა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის პასუხად, რომ მოსკოვი ცდილობდა ჩარევას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მოსკოვი მაშინ საპასუხო ნაბიჯებით არ გამოსულა. ზახაროვას თქმით, აშშ უარს ამბობს ვიზების გაცემაზე პირებისთვის, რომლებმაც უნდა შეცვალონ 35 გამოძევებული დიპლომატი, რაც დისბალანსს ტოვებს ორი ქვეყნის წარმომადგენლობებს შორის. „ამდენად, ერთ-ერთი გზა ისაა, რომ შესაბამისი რაოდენობის დიპლომატთა გაძევების გარდა, ჩვენ თანამშრომლების რაოდენობის გათანაბრებაც მოგვიწევსო“, განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, მოსკოვი მოელის, რომ 17 ივლისის მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ტომას შენონი, არ იქნება მხოლოდ „საპროტოკოლო შეხვედრა“ ან „ცარიელი საუბარი“.

XS
SM
MD
LG