Accessibility links

უმცროსი ტრამპის და რუსი ადვოკატის შეხვედრას ესწრებოდა საბჭოთა დაზვერვის ყოფილი თანამშრომელიც


რუს ადვოკატს, რომელიც 2016 წლის ივნისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს შვილს და მისი საპრეზიდენტო კამპანიის სხვა წევრებს შეხვდა, თან ახლდა რუსული წარმოშობის ამერიკელი ლობისტი, რომელიც წარსულში საბჭოთა კონტრდაზვერვის ოფიცერი იყო - იუწყება აშშ-ის ტელეკომპანია NBC. ტელეკომპანიამ 13 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ ლობისტი - რომლის სახელს არ ასაჯაროვებენ - თან ახლდა რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაია შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უმცროსი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და კამპანიის ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი. NBC ამ პირს აღწერს, როგორც „რუსული წარმოშობის ამერიკელ ლობისტს, რომელიც საბჭოთა არმიაში მსახურობდა და შემდეგ აშშ-ში წავიდა ემიგრანტად, სადაც ის ახლა ორმაგ მოქალაქეობას ფლობს“. ერთ-ერთი პირი, რომელიც ამ აღწერას ემთხვევა, არის რინატ ახმეტშინი - ის ვესელნიცკაიას ეხმარებოდა „მაგნიტსკის აქტად“ ცნობილი კანონის გაუქმების მიზნით წარმოებულ ლობისტურ კამპანიაში. ეს აქტი სანქციებს უწესებს ადამიანის უფლებების დამრღვევებს. ფაინენშლ ტაიმსმა 10 ივლისს დაწერა, რომ იმ პერიოდში ვესელნიტსკაიამ ახმეტშინი დაიქირავა. სენატის იურიდიულმა კომიტეტმა აპრილში მიმართა საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია - რაც იყო ნაწილი გამოძიებისა ახნეტშინის მიერ შესაძლო უკანონო ლობისტური საქმიანობის გარშემო. არსებობდა ეჭვი, რომ ის პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდა, ხშირად დეზინფორმაციის და პროპაგანდის გამოყენებით. უმცროსი დონალდ ტრამპის ადვოკატმა, ალან ფუტერფასმა, NBC-ის დაუდასტურა, რომ მისი კლიენტი შეხვდა დასახელებულ პირს. ფუტერფასის თქმით, ის ამ პირს თავადაც ესაუბრა და მან უარყო, რომ ის რუსეთის მთავრობისთვის მუშაობდა.„აბსოლუტურად არ მაშფოთებს არაფერი, რაც იმ შეხვედრაზე ითქვაო“, განაცხადა ფუტერფასმა, უმცროსი დონალდ ტრამპის ადვოკატმა. კუშნერის და მანაფორტის წარმომადგენლებმა NBC-ს უარი უთხრეს კომენტარზე.

XS
SM
MD
LG