Accessibility links

საოკუპაციო ბანერთან აშშ-ის ელჩი მივიდა


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ყარაფილას სიახლოვეს ჩავიდა. მან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ბანერი მოინახულა. ეს ბანერი 400-იოდე მეტრითაა დაშორებული საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალიდან და პრაქტიკულად ოკუპაციის ზოლში აქცევს სტრატეგიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენს. ეს ნავთობსადენი სოფელ ორჭოსანთან უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამერიკის ელჩმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ მცოცავი ოკუპაციის ახალი გამოვლინებები. დღესვე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან საპროტესტო აქცია „არა ოკუპაციას“ გაიმართა. ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმულ ე.წ. სასაზღვრო ბანერთან ტრანსპარანტებითა და ცოცხალი ჯაჭვით "მცოცავი ოკუპაცია" გააპროტესტეს. ადგილზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გააკეთეს კორდონი. მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოქალაქეებმა, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა. ოპოზიციამ ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პასიურობაში საერთაშორისო ასპარეზზე. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე ალტერნატიული ბანერები აღმართეს.

XS
SM
MD
LG