Accessibility links

პარლამენტის კომიტეტები იწყებენ პრეზიდენტის ვეტოსა და მოტივირებული შენიშვნების განხილვას


საქართველოს პარლამენტის კომიტეტები იწყებენ თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში ივნისის ბოლოს შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსა და მოტივირებული შენიშვნების განხილვას. „ვთხოვ კომიტეტებს, ყურადღებით გაეცნონ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს“ - განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივლისს დაადო ვეტო თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმად, საქართველოში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ხუთამდე უნდა შემცირდეს. სტატუსს ინარჩუნებენ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი, ხოლო თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი თემები შეუერთდებიან. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტის ვეტო ეხება საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების დანიშვნის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესის შეცვლას. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო იმით ახსნა, რომ ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში პლურალიზმისა და საზოგადოების ჩართულობის ხარისხს.

XS
SM
MD
LG