Accessibility links

აზერბაიჯანში პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს


აზერბაიჯანში სამი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს ერთ-ერთ წამყვან ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, აზერბაიჯანის სახალხო პარტიის წევრს, ფაიკ ამირლის, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო რელიგიური სიძულვილის გაღვივებასა და მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში. ამირლი ამავე დროს არის გაზეთ „აზადლიკის“ ფინანსური დირექტორი. ის უარყოფს ბრალდებებს, ხოლო მისი ადვოკატი „აბსურდულს“ უწოდებს სასამართლოს ვერდიქტს, რომელსაც, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, გასაჩივრებას უპირებს. ამირლი 2016 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მას უპოვეს აშშ-ში ემიგრირებული თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის წიგნები. თურქეთის მთავრობა გიულენს აკისრებს პასუხისმგებლობას 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. გიულენი უარყოფს ბრალდებას. ბაქო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოანს წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.

XS
SM
MD
LG