Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევი მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს ლადო ჭანტურია


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის 3 კანდიდატიდან კონკურსში მონაწილეობას ლადო ჭანტურია გააგრძელებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროსაბჭოს ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის დასკვნა, რომლის თანახმად, ლადო ჭანტურია სრულად აკმაყოფილებს ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობისთვის შესაფერისი კანდიდატია. რაც შეეხება კიდევ ორ კანდიდატს, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, თეა წულუკიანის ინფორმაციით, კოლეგიამ მათი კომპეტენცია დადებითად შეაფასა. „თუმცა, იმ ახალი წესებისა და რთული მექანიზმის გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტთა ჯგუფი ამბობს, რომ ფასდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგი განათლება აქვს კანდიდატს ადამიანის უფლებათა სამართალში, ან გამოცდილება როგორც მოსამართლეს, არამედ პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა, რაც გარკვეულწილად დამოკიდებული ასაკზეც და ამ გამოცდილების სიღრმე და მასშტაბი“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი ინფორმაციით, დასკვნაში ხაზგასმულია შოთა გეწაძის ახალგაზრდა ასაკი, 35 წელი და მოსამართლის შედარებით ხანმოკლე, ექვსწელიწადნახევრიანი კარიერა, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შესახებ ნათქვამია, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებების სფეროში კარგი ცოდნის და ღირებული პროფესიული გამოცდილებისა, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი არ არის საკმარისად მაღალი და საჭირო ხანგრძლივობის. იმის გამო, რომ კანდიდატთა სია 3 პირისგან უნდა შედგებოდეს, ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს საქართველოში გამოცხადდება კონკურსი და მსურველებს საბუთების წარდგენის ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.

XS
SM
MD
LG