Accessibility links

ტრამპი აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრს და „საბოტაჟში“ ადანაშაულებს უკრაინას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი ჯეფ სეშნსი - ის მოიხსენია „ძალიან სუსტად“ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შესაძლო კანონდარღვევათა გამოძიების საკითხთან მიმართებით. ეს კრიტიკა მან ტვიტერში გამოთქვა და ასევე ტვიტერში დაწერა, რომ უკრაინა ცდილობდა მისი საპრეზიდენტო კამპანიის „საბოტაჟს“. უკრაინის მიმართ ბრალდება მას არ დაუსაბუთებია. რაც შეეხება სეშნსის წინააღმდეგ კრიტიკას, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ტრამპი უკვე ესაუბრა პოლიტიკურ მოკავშირეებს სეშნსის მოხსნის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე. ტრამპის უკმაყოფილების მიზეზია ის გარემოება, რომ სეშნსმა თვითაცილება გამოაცხადა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით. სეშნსის მიმართ ტრამპის კრიტიკული განცხადებების გამო ვარაუდობენ, რომ იუსტიციის მინისტრი თვითონვე გადადგება, თუ მას ტრამპი არ გადააყენებს. მაგრამ სეშნსთან დაახლოებული პირების თქმით, ის არ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ამასთან, სეშნსის მიმართ ტრამპის კრიტიკას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენისაგან. ისინი აცხადებენ, რომ ყველა რესპუბლიკელი არ მიემხრობა იუსტიციის მინისტრის გადაყენებას.

XS
SM
MD
LG