Accessibility links

ახალი ამბები

აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი აღარ მოითხოვს პოლ მანაფორტის საჯაროდ მოსმენას

აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი აღარ მოითხოვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის მისვლას საჯარო მოსმენაზე. 25 ივლისის საღამოს კომიტეტმა განაცხადა, რომ მანაფორტი ახლა მზად არის, ითანამშრომლოს სენატორებთან. მანამდე მანაფორტი ოფიციალურად დაიბარეს იურიდიულ კომიტეტში ჩვენების საჯაროდ მისაცემად. ეს გადაწყვეტილება გაუქმდა მას შემდეგ, რაც მანაფორტი დათანხმდა კომიტეტისათვის იმ დოკუმენტების მიწოდებას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას. მანაფორტს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, მოსკოვის ახლო მოკავშირე ვიქტორ იანუკოვიჩთან. ახლა ისიც მიეკუთვნება ტრამპის გუნდის წევრებს, რომელთა ქმედებასაც იძიებენ ტრამპთან მოსკოვის შესაძლო კავშირებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ყველა ახალი ამბავი

რუსეთში დააკავეს ყოფილი მინისტრი მიხაილ აბიზოვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ყოფილი მინისტრის, მიხეილ აბიზოვის მიმართ 62 მილიონი დოლარის მიტაცებაში ეჭვმიტანის საფუძველზე.

ამავე წყაროს თანახმად, ღია მმართველობის საკითხთა ყოფილი მინისტრი 26 მარტს დააკავეს უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებმა.

გამოძიების ვერსიით, აბიზოვის სახელს უკავშირდება ოთხ მილიარდამდე რუბლის მიტაცება ორი ღია სააქციო საზოგადოებიდან და ფულის საზღვარგარეთ გატანა, რითაც აბიზოვმა და სხვა ბრალდებულებმა „საფრთხე შეუქმნეს რუსეთის მთელი რიგი რეგიონების მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებას“, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოძიების ვერსიაზე დაყრდნობით.

ცნობების თანახმად, ბოლოხანს აბიზოვი, რომელმაც მთავრობა დატოვა პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის მეოთხე ვადით არჩევის შემდეგ, იტალიაში ცხოვრობდა.

აბიზოვი ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა მსხვილ ენერგეტიკულ და რესურსების მომპოვებელ კომპანიებში. 2012-2018 წლებში ეკავა ღია მმართველობის საკითხთა მინისტრის პოსტი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს თანამდებობა გაუქმდა და აბიზოვი ვეღარ მოხვდა მთავრობის შემადგენლობაში.

გამოცემა "ფორბსის" მონაცემებით, ყოფილი მინისტრი უმდიდრესი რუსების რიცხვშია. ამჟამად მისი ქონება 600 მლნ დოლარად არის შეფასებული.

ალჟირის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი მოითხოვს პრეზიდენტის ქმედობაუუნაროდ გამოცხადებას

2019 წლის 11 მარტი, ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა

ალჟირის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, აჰმედ ჰაედ სალაჰი, მოითხოვს პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას ქმედობაუუნაროდ გამოცხადებას.

ამის შესახებ გენერალმა გამოაცხადა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში, რის შესახებაც იუწყება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი.

მოსახლეობისადმი მიმართვაში, გენერალ-ლეიტენანტი სალაჰი გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მოჰყვა ცნობას, რომ პრეზიდენტი აპირებს მეხუთე ვადითაც წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა მიუხედავად რამდენიმეწლიანი მძიმე ავადმყოფობისა.

ალჟირის კონსტიტუციის მუხლით, რომელსაც გენერალი სალაჰი თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად იშველიებს, საკონსტიტუციო საბჭოს შეუძლია პრეზიდენტის ქმედობაუუნაროდ გამოცხადება, თუ ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური ხდება და ქვეყანაში ტარდება ვადამდელი არჩევნები.

ალჟირის არმიის გენშტაბის უფროსის აზრით, მისი წინადადება კომპრომისულია, რადგან ალჟირის კონსტიტუციას ეფუძნება.

2013 წლის ინსულტის შემდეგ, ალჟირის პრეზიდენტი საჯაროდ თითქმის აღარ გამოჩენილა. წლის დასაწყისში ის შვეიცარიაში მკურნალობდა.

თებერვალში გახდა ცნობილი, რომ 82 წლის ლიდერი აპირებს აპრილის არჩევნებში მეხუთე ვადით წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებას ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები პრეზიდენტისაგან მოითხოვენ არჩევნებში ჩართვაზე უარის თქმას.

სამშობლოში დაბრუნებული ბუტეფლიკა მართლაც დათანხმდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას, მაგრამ არჩევნები აპრილიდან 2019 წლის მიწურულამდე გადაიტანეს და ბუტეფლიკა პრეზიდენტად რჩება. საპროტესტო აქციები კვლავაც გრძელდება.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა 1999 წელს მოექცა ხელისუფლების სათავეში.

მდინარაძემ მესიჯი შეცდომით ბესელიას გაუგზავნა

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მან „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძისგან, შემთხვევით მისი სალანძღავი გზავნილი მიიღო, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის სურდა.

ბესელიას შეფასებით, მისი საწინააღმდეგო განცხადებები საკნონმდებლო ორგანოში სწორედ ამ მესიჯის გამო კეთდებოდა.

მივწერე მამუკას და ბოდიშების მოხდა დაიწყო, მაგრამ მე არ მჭირდება არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი სიტყვებით, მდინარაძეს სმს საპარლამენტო უმრავლესობის სპიკერების იმ ჯგუფში უნდა გაეგზავნა, რომელშიც თავად ბესელია გაწევრიანებული არ არის. მესიჯის ტექსტში კი პუნქტებად იყო გაწერილი, თუ რა უნდა ეთქვათ დეპუტატებს მის შესახებ.

თავად მამუკა მდინარაძე ამ ბრალდებებს უარყოფს. მისი სიტყვებით, მან მესიჯი შეცდომით მართლად ეკა ბესელიას გაუგზავნა, მაგრამ ის არ შეიცავდა პარტიულ "მესიჯბოქსს":

„ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს. უკვე შეგვიძლია, უფრო ადვილად ვივარაუდოთ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში და შეიძლება წლების განმავლობაშიც, ვინ დარბოდა თქვენთან მესიჯებით და ვის გაჰქონდა შიდა მესიჯები გარეთ“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ფეისბუკმა წაშალა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები

ფეისბუკმა 26 მარტს გამოაცხადა, რომ წაშალა რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და კოსოვოსთან დაკავშირებული 2600-ზე მეტი გაყალბებული გვერდი და ანგარიში.

ამ ნაბიჯით კომპანია განაგრძობს ზომების მიღებას საზოგადოებრივი აზრის მანიპულატორი ქსელების წინააღმდეგ.

ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსმა, ნათანიელ გლეიჩერმა განაცხადა, რომ წაშლილია რუსეთთან დაკავშირებული 1907 გვერდი და ანგარიში და რომ მათი ნაწილი ავრცელებდა „სპამს“ უკრაინის პოლიტიკის შესახებ ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე.

მისივე თქმით, უკრაინის შესახებ გავრცელებული ცნობები ეხებოდა კონფლიქტს დონბასში, ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკას, კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში, ვითარებას ყირიმში, კორუფციას.

გლეიჩერის თქმით, რუსეთთან დაკავშირებული გვერდების „მცირე ნაწილი“ იმართებოდა ადამიანების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ „კოორდინირებულ არაავთენთურ ქმედებებში“.

ამ ტერმინს ფეისბუკი იყენებს ხოლმე, როცა აღწერს სოციალური მედიის მანიპულაციის ტაქტიკას, გამოყენებულს რუსეთის „ტროლების ფაბრიკის“ მიერ. სანქტ-პეტერბურგში მდებარე „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“, რომელსაც „ტროლების ფაბრიკად“ მოიხსენიებენ, ბრალად ედება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

გლეიჩერის განმარტებით, გვერდები და ანგარიშები წაშლილ იქნა მათი მოქმედებისა და არა მათი ტექსტების შინაარსის გამო. „ყველა შემთხვევაში, ქმედებების უკან იდგა ხალხი, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდა და ყალბ ანგარიშს იყენებდა საკუთარი თავის სინამდვილისაგან განსხვავებულად წარმოსაჩენად“, აღნიშნავს გლეიჩერი.

ფეისბუკს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება აფინანსებდეს რუსი ტროლების გვერდებსა და ანგარიშებს. კომპანიის თანახმად, დამფინანსებლებმა მეთოდები დახვეწეს და გაცილებით უკეთ ინიღბებიან, ვიდრე ამას 2016 წელს აკეთებდა „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“.

ქუთაისის მერიამ "გამაფრთხილებელი სტიკერების" შესახებ სასამართლო დავა მეორედ წააგო

თეთრი ხიდი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მალხაზ ჩუბინიძემ, „თეთრ ხიდზე“ გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრა - ქმედება არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“ - გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ქუთაისის მერიის მოთხოვნა ორგანიზაციის დაჯარიმების შესახებ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხიდზე სტიკერის გაკვრა არის გამოხატვის პრაქტიკული გამოვლინება და მის განხორციელებას ზიანი არ მიუყენებია საზოგადოებრივი ინტერესებისთვის. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო საქმე მეორედ შეწყდა. პირველად ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური ითხოვდა 500 ლარით დაეჯარიმებინათ გია გოქაძე, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ევროპა ჩვენი სახლია“, 12 იანვარს „თეთრი ხიდის“ საფეხმავლო ნაწილის დაზიანებული შუშის ზედაპირზე გაკრული A4 ფორმატის სტიკერის გამო, წარწერით - „ფრთხილად, სახიფათოა!“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენის პოზიციით, „მოქმედი კანონით იკრძალება სხვადასხვა სახის ნახატების, წარწერების, სიმბოლიკის შესრულება ადმინისტრაციულ შენობებზე, მათ მიმდებარედ და ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო ნათქვამი, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ, „თეთრ ხიდთან“ ადმინისტრაციული შენობების სიახლოვე და მათთვის მიყენებული ზიანი.

ამჯერად მერიის ადმინისტრაციული სამსახური „თეთრ ხიდზე“ გამაფრთხილებელი სტიკერის დაკვრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმავე მოტივით მოითხოვდა დაეჯარიმებინათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ქმედება სავსებით ესადაგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ორგანიზაციის წევრებს კანონი არ დაურღვევიათ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს დაინიშნა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში წინასაარჩევნო სეზონი გაიხსნა - ცნობილია საპარლამენტო არჩევნების თარიღიც - 9 ივნისი, კვირა.

შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და წინასაარჩევნო კამპანიაც გახნილად გამოაცხადა.

საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად ათი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

„ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტის, მურატ კუგამეხოვის ცნობით, ის კანდიდატები, რომლებიც მედიაში ხშირად არ ჩანან, პრობლემის წინაშე დადგნენ: თებერვლის ბოლოს, მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ ინიციატივით, მედიაში წინასაარჩევნო აგიტაციის ვადის ხანგრძლივობა პარლამენტში მოხვედრის მოსურნე დეპუტატებისათვის 30-დან 20 დღემდე შემცირდა.

ადგილობრივი კანონმდებლობით ასევე შეზღუდულია საარჩევნო ხარჯების რაოდენობაც - პოლიტიკურმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში ექვს მილიონ რუბლზე მეტი არ უნდა დახარჯოს, მაჟორიტარი კანდიდატის ხარჯებმა კი ერთ მილიონ რუბლს არ უნდა გადააჭარბოს.

ამ არჩევნებისთვის კანონში შესულია შესწორება, რომლის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ ალკოჰოლიკებს, ნარკოდამოკიდებულ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს.

არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ვალდებულია წერილობითი თანხმობა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი პირადი მონაცემების წვდომაზე, რითიც შემოწმდება თუ რამდენი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ამ დღეების რაოდენობა 93-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საათის სეზონური გადაწევის გაუქმებას

ევროპის პარლამენტის წევრთა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საათის სეზონური გადაწევის გაუქმებას 2021 წლიდან - ორი წლით უფრო გვიან, ვიდრე ევროკომისიის წინადადება ითვალისწინებს.

ევროკავშირში ამჟამად მოქმედი წესით, დროს გაზაფხულზე ერთი საათით წინ წევენ ხოლმე და შემოდგომაზე ისევ უკან აბრუნებენ. ბევრმა ქვეყანამ ეს წესი 1970-იან წლებში, ნავთობის კრიზისის პერიოდში აამოქმედა ენერგიის დასაზოგად. 1996 წლიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთდროულად მოქმედებს ზაფხულისა და ზამთრის დროზე გადასვლისას.

ევროპის პარლამენტში 410 კანონმდებელი მიემხრო საათის სეზონური გადაწევისათვის ბოლოს მოღებას. წინააღმდეგი იყო 192. პარლამენტარებს არ გადაუწყვეტიათ, თუ რომელ დროზე უნდა შეჩერდეს არჩევანი - ზაფხულის, თუ ზამთრის.

ევროკომისია სექტემბერში გამოვიდა წინადადებით საათის სეზონური გადაწევის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ, რაც მთელი ევროკავშირის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ ნაბიჯს ემხრობა გამოკითხულების დიდი უმრავლესობა, 84%.

საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავენ, რომ არაერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, დროს გადაწევა მიჩნეულია სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ფაქტორად, ხოლო ენერგიის დაზოგვის მხრივ ბევრს არაფერს იძლევა ახალი ტექნოლოგიების პირობებში.

საქართველომ 2005 წლის ოქტომბერში გააუქმა საათის სეზონური გადაწევა.

რუსეთი, ირანი, არაბული ქვეყნები გმობენ გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას

2019 წლის 20 იანვარი: ისრაელის ტანკები გოლანის მაღლობზე

რუსეთი, ირანის და რამდენიმე არაბული ქვეყანა გმობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი არღვევს საერთაშორისო სამართალს და ქმნის რეგიონში დესტაბილიზაციის გამწვავების საფრთხეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 26 მარტს ვაშინგტონში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას გული ატკინა, მაგრამ არ გაუოცებია საზღვარგარეთ გამოთქმულ კრიტიკას.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოთქვა შეფასება, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს „უდავოდ, უარყოფითი შედეგები“ მოაქვს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოსაგვარებელი ძალისხმევისათვის.

ტრამპმა 25 მარტს ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აშშ-მა ოფიციალურად აღიარა გოლანის მაღლობი ისრაელის ტერიტორიად.

ისრაელის ჯარმა 1967 წელს დაიპყრო სირიაში მდებარე ეს ხრიოკი პლატო, რომელიც 1981 წელს, ფაქტიურად, მიიერთა კიდეც, რასაც არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

ინგუშეთში კვლავ გააპროტესტეს ჩეჩნეთთან ტერიტორიების გაცვლა

მაგასი, 2019 წლის 26 მარტი: ინგუშები აპროტესტებენ ჩეჩნეთთან შეთანხმებას საზღვრის შესახებ

ინგუშეთში ათასობით ადამიამა გააპროტესტა ჩეჩნეთთან გაფორმებული შეთანხმება საზღვრის დადგენის შესახებ. დემონსტრანტებმა დაგმეს ტერიტორიების გაცვლა, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს და მოითხოვეს ინგუშეთის ლიდერის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომა.

პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასში 26 მარტს გამართულ რამდენიმესაათიან აქციას, რომელიც ხელისუფლების ნებართვით ჩატარდა.

ინგუშეთში ადრეც გაიმართა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც ევკუროვმა და კადიროვმა 2018 წლის 26 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა გააფორმეს საზღვრის შესახებ შეთანხმება. ორი ლიდერი ამბობს, რომ შეთანხმება რამდენიმე დღეში დაამტკიცეს როგორც ჩეჩნეთის, ისე ინგუშეთის პარლამენტებმა.

დემონსტრანტების აზრით, ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი გაუმართლებლად გადაეცა აღმოსავლელ მეზობელს.

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პროკურორს პარლამენტში იბარებს

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს დადგეს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პასუხი გაეცეს დაგროვილ კითხვებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კერზაიას გარდაცვალებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, პროკურატურას კი არანაირი შედეგი არ აქვს:

ჩვენ ამ თემაზე პარლამენტში დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი, რომელსაც დავუსვით კითხვები. ამის შემდეგ გავიდა 1 თვეზე მეტი. პროკურატურამ თითქოს გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ არცერთი ადამიანი არ დასჯილა. იმისთვის, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მას თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები, რაც არ გააკეთა. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - უთხრა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს.

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ გენერალური პროკურორი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში მივიდეს და ამ საქმესთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინოს. ასევე, შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის როგორც ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს, ასევე სკოლებში არსებულ მდგომარეობას.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საავტორო უფლებების დაცვის სადავო რეფორმას

ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში საავტორო უფლებების დაცვის გამკაცრებას.

რეფორმას ბევრი ოპონენტი ჰყავს, მათ შორის გიგანტური ინტერნეტ-კომპანიები, როგორიცაა გუგლი და ფეისბუკი, რომლებიც კანონში ხედავენ თავისუფლებისა და შემოქმედებითი მიდგომის შეზღუდვის საფრთხეს.

სტრასბურგში 26 მარტს გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა მწვავე დებატები და ლობისტების აქტიური მუშაობა. რეფორმას მხარი დაუჭირა 348 პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 274, თავი შეიკავა 36-მა.

ახლა ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი, რათა ის ძალაში შევიდეს.

ბევრი ხელოვანი მოელის, რომ ახალი წესების მეშვეობით, მათი ანაზღაურება უფრო სამართლიანი იქნება. რეფორმის მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება და ვებსაიტები იძულებული იქნებიან, აამოქმედონ ძვირადღირებული ფილტრები.

ევროკომისიამ ორი წლის წინ დაიწყო საავტორო უფლებების დაცვის ევროკავშირში მოქმედი, მოძველებულად მიჩნეული წესების გადასინჯვის პროცესი, რათა უკეთ იქნეს დაცული ევროპის კულტურული მემკვიდრეობა და ონლაინ-კომპანიებისაგან სამართლიანი ანაზღაურება მიიღონ გამომცემლებმა, მაუწყებლებმა და ხელოვანებმა.

ჯეკ შეფერდი თანახმაა ბრიტანეთში ექსტრადიციაზე

26 მარტს, თბილისის საქალაქოს სამართლოში გამართულ პროცესზე ჯეკ შეფერდმა განაცხადა, რომ ის თანახმაა დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე. ბრალდებული მზადაა საკუთარი უდანაშაულობა ბრიტანულ სასამართლოში დაამტკიცოს.

„მსურს ისე ვიმოქმედო, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, და დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და ჩემს ვაჟს“, - თქვა ჯეკ შეფერდმა სასამართლო პროცესზე.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი თბილისში, პოლიციას 23 იანვარს ჩაბარდა, რის შემდეგაც დააკავეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული ჰქონდა სექსტრადიციო პატიმრობა. შეფერდს სამშობლოში ბრალად ედება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. ის უარს აცხადებდა გამარტივებული წესით ბრიტანეთში ექსტრადიციაზე.

26 მარტს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება შეფარდის ექსტრადირება.

მოგერინი ქაბულში: ევროკავშირი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს, რომელსაც ავღანელები უძღვებიან

ქაბული, 2019 წლის 26 მარტი: ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინისა და ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ერთობლივი პრესკონფერენცია

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ ქაბულში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს, რომელსაც ავღანელები უძღვებიან.

26 მარტს პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუდამ გვერდში ედგა ავღანელ ხალხს ერთადერთი სურვილით - ქვეყანაში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე ყატარში დასრულდა აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკების ჯერ-ჯერობით ბოლო რაუნდი. პროცესის მიზანია, ბოლო მოეღოს ავღანეთში თითქმის 18 წლის წინ დაწყებულ ომს.

ავღანეთის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ არ არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში. მიზეზია თალიბანის უარი პირდაპირ კონტაქტზე მთავრობასთან, რომელიც მას „აშშ-ის მარიონეტად“ მიაჩნია.

დეპორტირებულთათვის კომპენსაციის გადახდა რუსეთს ინდივიდუალურ საქმეებშიც დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 26 მარტს დააკმაყოფილა 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელები. სასამართლომ დაადგინა, რომ 19 მომჩივნიდან თითქმის ყველას მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევეს.

ინდივიდუალურ საჩივრებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 20 დეკემბერს გამოიტანა. სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეები გახდნენ დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რა დროსაც შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები.

2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მომჩივანთა მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა ევროპულმა სასამართლომ გადადო, რადგან იმ მომენტისთვის სახელმწიფოთაშორის საჩივარში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ კომპენსაციის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო და მისი განხილვა კვლავ მიმდინარეობდა სასამართლოს დიდ პალატაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 2019 წლის 31 იანვარს გამოიტანა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ განაახლა ინდივიდუალური საჩივრების განხილვა და 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას მომჩივნების სასარგებლოდ გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო თითოეული მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევის არსი, მათ შორის მათი დაკავების ხანგრძლივობა.

26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას დაეკისრა:

- 2,000 ევროს გადახდა იმ მომჩივნებისთვის, რომლებიც გახდნენ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლნი, თუმცა, დაკავებული არ ყოფილან.

- 10,000 ევრო - იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში, ხოლო სასამართლო პროცესის შემდეგ გათავისუფლდნენ

- 12,500 ევრო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა დაკავება გაგრძელდა ორიდან ათ დღემდე

- 15,000 ევრო იმ მომჩივანთა სასარგებლოდ, რომელთა დაკავების ხანგრძლივობა აღემატებოდა 10 დღეს .

რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული თანხა დაზარალებულებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.

თურქმენეთს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას

თურქმენი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, სოლტან აჩილოვა

ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ თურქმენეთს მოუწოდებს, ქვეყნიდან გამგზავრების უფლება მისცეს ჟურნალისტ სოლტან აჩილოვას. ის 11 მარტს აპირებდა თბილისში გამგზავრებას საერთაშორისო სემინარზე დასასწრებად, მაგრამ აშხაბადის აეროპორტში არ მისცეს თვითმფრინავში ასვლის უფლება.

ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გულნოზა საიდმა 25 მარტს განაცხადა, რომ ბოლო უნდა მოეღოს აჩილოვასა და სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების „სისტემატურ დევნას“ და რომ ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყნიდან ინფორმაციის გავრცელებით.

აჩილოვა აშხაბადიდან თანამშრომლობს ვენაში დაფუძნებულ დამოუკიდებელ საინფორმაციო ვებპორტალთან „ხრონიკა ტურკმენისტანა“.

გამოცემის მთავარი რედაქტორის, ფარიდ ტუხბატულინის ინფორმაციით, 11 მარტს აჩილოვას აშხაბადის აეროპორტში საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ მას არ ჰქონდა ქვეყნიდან გამგზავრების უფლება. ოფიციალურ პირს მიზეზი არ განუმარტავს.

წარსულში აჩილოვა პოლიციას ჰყავდა დაკავებული, მას რამდენჯერმე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

500 ლარამდე ღირებულების ამანათები, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს

თუ საქართველოს პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ინტერნეტ მაღაზიებში ნაყიდი ნივთების განბაჟების ზღვარი 500 ლარამდე გაიზრდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ამაზონიდან ან რომელიმე სხვა ონლაინ მაღაზიიდან შესაძლებელი გახდება 500 ლარიანი ნივთის გამოწერა ისე, რომ ის არ დაიბეგრება.

დღეს მოქმედი წესის მიხედვით, 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის გამოწერის შემთხვევაში განბაჟების საფასურის გადახდაა საჭირო.

„ევროპელი დემოკრატების“ ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. წინ კიდევ რამდენიმე საკომიტეტო განხილვაა, შემდეგ კი პლენარულ სხდომა - ახალ კანონპროექტს კენჭი სწორედ სესიაზე უნდა უყარონ.

რატომ უნდა გაიზარდოს ზღვარი 500 ლარამდე და არა მაგალითად, 1000 ლარამდე ან სულაც ზღვარის გაუქმებამდე? - ოპოზიციის ინიციატივამ ეს კითხვაც გააჩინა.

ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შესაძლოა, ზღვარის 1000 ლარამდე გაზრდა მოეთხოვა და ინიციატივა ჩავარდნილიყო.

„საფოსტო გზავნილების განბაჟების გადასახადის 300-დან 500 ლარზე აწევის შესახებ ჩვენს ინიციატივაზე მთავრობის არგუმენტები იმდენად სუსტი იყო რომ, საბედნიეროდ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ბევრი მეკითხება რატომ არ შეიძლება ეს ზღვარი უფრო დიდი იყოსო. კომიტეტზე ვთქვი, რომ მომხრე ვარ ზღვრის 600-700 ლარამდე აწევის, ან ისეთ ნიშნულამდე გაზრდი, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს. მიზანი ინიციატივის კანონად ქცევა და ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების გაიოლებაა“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს დაუჭეტს, ონლაინ მაღაზიებით მოსარგებლე არაერთი მოქალაქისთვის ლარის გაუფასურების ფონზე ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2017 წლის დასაწყისში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვანი შეღავათების დაწესებას გულისხმობდა და ონლაინ მაღაზიებში ნაყიდი ამანათების დაბეგვრის საკითხიც მისი ნაწილი იყო.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ "ქართული ოცნება" მეორე მოსმენითაც მხარს დაუჭერს მათ კანონპროექტს და პრინციპზე შეთანხმდებიან, შესაძლოა დაბეგვრის ზღვარმა 500-დან 700 ლარამდეც აიწიოს. მისი სიტყვებით, ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა გავიდეს.

რუსეთში პირველად დააჯარიმეს აქტივისტი მცირეწლოვანის აქციაზე მიყვანისთვის

რუსეთში პირველად დააჯარიმეს მოქალაქე მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც კრძალავს მცირეწლოვანის საპროტესტო აქციაზე გაყვანას.

ქალაქ კალინინგრადის სასამართლოს 25 მარტის გადაწყვეტილებით, ნავალნის მომხრე აქტივისტ, 18 წლის ივან ლუზინს დაეკისრა 30 ათასი რუბლის (დაახლოებით 465 $) გადახდა იმისათვის, რომ 7 თებერვალს არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე მივიდა 16 წლის ორ გოგოსთან ერთად.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასული წლის დეკემბერში ხელმოწერილი კანონი ფულადი ჯარიმის გარდა ითვალისწინებს ასევე 15 დღიან პატიმრობას და ჯარიმას 50 ათასი რუბლის (775 $) -ის ოდენობით.

სამოქალაქო აქტივისტები კანონს უწოდებენ ნაწილს პუტინის ხელისუფლების ჯიუტი მცდელობისა, ჩაახშოს დისიდენტების საპროტესტო ხმა.

სალომე ზურაბიშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლის მომხრეა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო მაღალი დონის პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგით უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, არსებული ფორმატი ტექნიკური საკითხებითაა დაკავებული, რაც საკმარისი არ არის კონფლიქტის გადასაჭრელად. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხზე 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმაც. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით ყველა არსებული ფორმატი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, ამ მხრივ ამ ეტაპზე უალტერნატივოა ჟენევის ფორმატიც, თუმცა ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს:

„ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ ფორმატის განახლება და არ აქვს ალტერნატივა იმ ფაქტს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება. თუ ეს მოხდება ჟენევის ფორმატში, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი, თუ არადა უნდა მოიძებნოს სხვა გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა", - განაცხადა პრესსპიკერმა.

სირიაში დაიღუპა რუსეთის სამი ჯარისკაცი

რუსეთის სამხედრო სარდლობის ცნობით, რუსეთის სამი ჯარისკაცი მოკლეს სირიაში, დეირ ალ-ზორის პროვინციაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 25 მარტს გაამჟღავნა ცნობა დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი თავდასხმის შესახებ. ოფიციალური ცნობით რუსეთის სამხედრო პატრულის მანქანა ალყაში მოაქციეს ექსტრემისტებმა. შეტაკების შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დამხმარე ძალებმა, გაანადგურეს 30 თავდამსხმელი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ მსხვერპლის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი სირიაში 115-მდე გაიზარდა. პირადი შემადგენლობის ყველაზე დიდი დანაკარგი რუსეთმა განიცადა 2018 წლის მარტში, როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა სირიის ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 39 კაცი.

რუსეთი 2015 წლიდან მონაწილეობს სირიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეზე.

სოფიო კილაძე: ღამის კლუბებში არასრულწლოვნების ადგილი არ არის

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ არასრულწლოვნები ღამის კლუბებში არ მოხვდნენ, - განაცხადა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო განხილვისას.

კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, ბავშვები ღამის კლუბებში არ დაიშვებიან 18 საათიდან 24 საათამდე დროის მონაკვეთში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე.

„ჩვენს თანამედროვე ახალგაზრდობას სჭირდება, რა თქმა უნდა, გართობის სხვადასხვა საშუალება. ოღონდ, არა ისე, როგორც ზოგჯერ, სამწუხაროდ, ხდება. განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვები შუაღამისას გასართობ კლუბებში იღებენ ნარკოტიკებს, ებმებიან პროსტიტუციაში, ხდება ათასი უბედურება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არასრულწოვნობის ასაკამდე ჩვენ ვიზრუნოთ მათზე...

ადრეულ ეტაპზე რომ არ მოხდეს ამ ბავშვების ჩართვა ასეთი ტიპის უბედურებაში, ამიტომ გვჭირდება ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული კონტროლის მექანიზმები. ამას აწესრიგებს სწორედ ეს პროექტი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ბაქოში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 26 მარტს დიდი ხანძარი გაჩნდა. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ევაკუირებულია სავაჭრო ცენტრ „დიგლას“ თანამშრომლები.

ბაქოში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება შემთხვევის ადგილიდან, მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას ხუთსართულიანი შენობის ზედა სართულებზე. სტიქიის ადგილზე გაიგზავნა ორი შვეულმფრენი მეხანძრეების დასახმარებლად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კვამლის მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 კაცი.

შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი

ხატია მოისწრაფიშვილი

"შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია და ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, მუშავდება კონცეფცია, რათა შეწყალების კომისიამ იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იმუშაოს. ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ამ მიზნით, ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღება იქნება საჭირო. ხატია მოისწრაფიშვილის თანახმად, საკითხი შეთანხმებულია, შესწავლილია და კანონში ცვლილებებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის ნებართვით დაიშვება

სოფიო კილაძე

სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით,- განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ. „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვიწრო ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის და ეკლესიის ნაწილისთვის კოდექსის ძირითადი იდეის მიწოდება არასწორად მოხდა:

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? - რა თქმა უნდა, არ შეიძლება. აქ არის კონკრეტული გარანტიები ჩადებული იმისა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ოჯახების გაძლიერებას, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

სოფიო კილაძის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე პირველად შემოდის, რომ „შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ.“ მისივე თქმით, კოდექსით საქართველოს კანონმდებლობაში ასევე პირველად შემოდის სიტყვა „სამშობლო“ და „ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ.“- აღნიშნა სოფიო კილაძემ. მისი აზრით, კითხვები კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული

შსს სამინისტროს თანახმად, მიმდინარე წლის 23 მარტს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. წარსულში ისინი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ ნასამართლევი.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან კრიმინალური ავტორიტეტები - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან - აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით", ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

გამოძიება "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი", დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით - „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 32 პირი.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

ოჯახებს გადაეცათ 2008 წლის ომის დროს დაღუპული 7 მოქალაქის ნეშტები

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ. მათ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტები მიმდინარე წლის 19 მარტს გადმოასვენეს. სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის ოქტომბერში განახორციელა.

ნეშტებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ ხორვატიის ქალაქ ზაგრების საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც მოხდა მათი იდენტიფიცირება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG