Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი პოლონეთის წინააღმდეგ ზომებს მიმართავს სასამართლო სისტემის რეფორმის გამო


ახალი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ვარშავაში. 2017 წ. 23 ივლისი.
ახალი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ვარშავაში. 2017 წ. 23 ივლისი.

ევროკავშირი აცხადებს, რომ მიმართავს სამართლებრივ ზომებს პოლონეთის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის სადავო რეფორმის გამო. პოლონეთის მთავრობის ოპონენტები შიშობენ, რომ რეფორმის შედეგად სასამართლოებზე მეტისმეტად ძლიერ გავლენას მოიპოვებს მმართველი პარტია, „სამართალი და სამართლიანობა“. 26 ივლისის განცხადებაში ევროკომისია აღნიშნავს, რომ მიმართავს ზომებს კანონის წინააღმდეგ, რომელსაც 25 ივლისს ხელი მოაწერა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. ეს კანონი იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამავე დროს მთავარი პროკურორია, აძლევს ქვედა ინსტანციის ყველა სასამართლოს ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებას. პოლონეთში უკვე რამდენიმე კვირაა მრავალათასიან დემონსტრაციებზე აპროტესტებენ სასამართლოს სისტემის რეფორმის გეგმას. ამასთან, დემონსტრანტებისაგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტ დუდას გადაწყვეტილებას, ვეტო გამოეყენებინა ორი კანონპროექტის დასაბლოკად - ეს კანონპროექტები ითვალისწინებდა იუსტიციის მინისტრის აღჭურვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადაყენებისა და მათი სხვა კანდიდატებით შეცვლის უფლებით. ევროკომისიის განმარტებით, ის იწყებს „დარღვევის პროცედურას პოლონეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის კანონების დარღვევის გამო“. 26 ივლისს ევროკომისიამ რეკომენდაციების სია გაუგზავნა ვარაშავას, რომელსაც ახლა ერთი თვე აქვს რეაგირებისათვის.

XS
SM
MD
LG