Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი პარლამენტარი: სააკაშვილს შესაძლოა მოუხდეს აშშ-ში თავშესაფრის თხოვნა


სერგეი ლეშჩენკო
სერგეი ლეშჩენკო

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა მოუხდეს აშშ-ში თავშესაფრის თხოვნა მას შემდეგ, რაც მას 26 ივლისს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს უკრაინის პარლამენტის წევრი, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანაპარტიელი სერგეი ლეშჩენკო. თვითონ სააკაშვილმა, როცა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ცნობა გავრცელდა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებულ შტატებში იმყოფება. მას არ უთქვამს, აპირებს თუ არა იქ დარჩენას. 26 ივლისს ასევე გავრცელდა სააკაშვილის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ თავს რიგით უკრაინელად მიიჩნევს და დაბრუნდება უკრაინაში. „უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, რათა ვიბრძოლო რეფორმებისათვის, რათა ვიბრძოლო უკრაინის წარმატებული მომავლისათვის, რომელზეც დამოკიდებულია ჩემი მშობლიური საქართველოს მომავალიც. ჩემთვის მოქალაქეობა ლიტონი სიტყვა არ არის! ყოველი დღე, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტი მქონდა, თავდადებული ვმუშაობდი უკრაინის გამარჯვებისათვის და იმისათვის, რომ ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა გახდეს. ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის“, - ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში, რომელიც დაუდგენელი ადგილიდან გავრცელდა. უკრაინელი პარლამენტარი სერგეი ლეშჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილი - თუ უკრაინაში ჩავა - შესაძლოა, საქართველოს გადაეცეს მისთვის წაყენებული ბრალდებების გამო. უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილი 2015 წელს დანიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად, მაგრამ მოგვიანებით მათ შორის უთანხმოება გაჩნდა. სააკაშვილი შარშან გადადგა და კიევი დაადანაშაულა ანტიკორუფციული ძალისხმევისათვის ხელის შეშლაში.

XS
SM
MD
LG