Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს სააქციო საზოგადოების, ”ბავშვთა სამყაროს” აქციონერებმა


საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს სააქციო საზოგადოების, ”ბავშვთა სამყაროს” აქციონერებმა. მათ პროტესტი გამოთქვეს „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის დაკავების გამო. აქციის დაწყებამდე აქციონერებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი მაჭავარიანის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, მიხეილ თევზაძისთვის წარდგენილი ბრალი გაუგებარი და უსაფუძვლოა, გიორგი მაჭავარიანი კი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი და მისი დაპირებების ტყვეა. აქციონერთა ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროში“ 30 იანვარს გაჩენილი ხანძრის საგამოძიებო მასალებშია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ხანძარი გაჩენილია გარე ძალის ზემოქმედების შედეგად. „დარწმუნებულნი ვართ, რომ გიორგი მაჭავარიანი ირაკლი შოთაძემ ერთადერთი მიზნით დააკავა, რათა შეწყდეს შოთაძის წინააღმდეგ პროკურატურასთან მიმდინარე შიმშილობის აქცია“ - ნათქვამია „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა განცხადებაში. ისინი მთავარ პროკურორს აფრთხილებენ, რომ გამართავენ პერმანენტულ და საჭიროების მიხედვით, უწყვეტ აქციებს არა მხოლოდ მთავარ პროკურატურასთან, არამედ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთანაც. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 ივლისს განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკავებულნი არიან სააქციო საზოგადოების, „სავაჭრო სახლი, ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა სავაჭრო ცენტრის ერთ ნაწილში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება-ჩაქრობა და ცეცხლი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, რამაც გამოიწვია შენობების, საქონლისა და ინვენტარის განადგურება. საქართველოს მთავარ პროკურატურასთან უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც ობიექტურ გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG