Accessibility links

ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა ჩინეთი „უმოქმედობაში“ დაადანაშაულა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა უმოქმედობაში დაადანაშაულა ჩინეთი, რომელიც, დონალდ ტრამპის სიტყვებით, არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირებაში. ტვიტერით გავრცელებულ დონალდ ტრამპის ამ რეპლიკამდე, ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც, ფხენიანის მტკიცებით, შეუძლია ლოს-ანჯელესამდე და ჩიკაგომდე მიახლოება. „ჩვენ ამის გაგრძელებას აღარ დავუშვებთო“, - წერს დონალდ ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, პენტაგონმა კორეის ნახევარკუნძულთან გაგზავნა ორი ერთეული B-1B ტიპის ბომბდამშენი, რომლებსაც დაევალათ გზა გადაუჭრან ჩრდილოეთ კორეის საკონტინენტთაშორისო რაკეტებს.

ყველა ახალი ამბავი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მთავარ პრიორიტეტად ასახელებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეოდორ მელესკანუ ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტს უწოდებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“. ამჟამად რუმინეთია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა.

ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე, მელესკანუმ აღნიშნა, რომ წელს შესრულდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შექმნის მე-10 წლისთავი და მაისში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ გაწეულ სამუშაოზე, იმსჯელებენ აგრეთვე პროგრამის მომავალზე.

„უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენი პარტნიორები არიან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი საგარეო პოლიტიკაში და ევროპის უსაფრთხოების საქმეში. ვცდილობთ, გვქონდეს კონკრეტული წინადადებები“, განაცხადა მელესკანუმ.

მან აღნიშნა აგრეთვე, რომ სამომავლო გეგმის მომზადებისას იქნება განსხვავებული მიდგომა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გააფორმეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები, ანუ მოლდავეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. გვსურს „პერსპექტივა შევთავაზოთ“ ამ ქვეყნებსო, განაცხადა რუმინელმა მინისტრმა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან - თანამშრომლობის ფორმატი. მთავარი მიზანია ევროპელი პარტნიორების მიმართ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთის მიმართულების გაძლიერება.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვნახავთ, შესაძლებელია თუ არა საქართველოსთან „რეალური ინტეგრაცია“

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდიე რეინდერსი (ცენტრში)

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდიე რეინდერსის განცხადებით, ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და ნახავს, „შესაძლებელია თუ არა საქართველოსთან რეალური ინტეგრაცია ისე, რომ კვლავაც მასთან ერთად" იმუშაონ ევროკავშირმა და ნატომ.

ბელგიელმა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა სამხედრო მისიაში.

ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე დაკავებულია

დავით რაზმაძე

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ბოლოს ესაუბრნენ 6 იანვარს და დათამ აცნობა, რომ ლიბიაში იმყოფება თურქული კომპანიის გემზე. დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძემ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დავით რაზმაძე 7 იანვარს დაიკარგა, მაგრამ თურქულმა კომპანიამ ოჯახს წერილობით შეატყობინა მხოლოდ 14 იანვარს. „ლიბიის პოლიციასთან ერთად ვეძებთო. შემატყობინეს, რომ 7 იანვარს 12 საათზე ჩავიდა ვახტზეო, ხოლო 16 საათზე როცა მისი შემცვლელი მივიდა დათა იქ აღარ იყოო. ეს არის ჩვენთვის ცნობილი და კიდევ ის, რომ მისი ტელეფონი, სიგარეტი და პირადი ნივთები გემზეა. გემიდან მისი ჩასვლა არ ფიქსირდება, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩავიდა და ლიბიის პოლიციას ჰყავს აყვანილი“ - ამბობს ნინო ლაბაძე. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრია.

ნინო ლაბაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ დავით რაზმაძე გორის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობდა, როცა ბათუმში გადაიყვანეს, საზღვაო აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარა და მას შემდეგ შორეულ ნაოსნობაში არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კომპანიის გემებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით რაზმაძის გაუჩინარების გამო ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს და გენერალური საკონსულო სტამბოლში. სამინისტროს ცნობითვე, ლიბიაში დეტალებს არკვევს გემის მფლობელი თურქული კომპანიის ადვოკატიც.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს არაერთი ქართული და უცხოური მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე დასტირის გორის დაბომბვისას დაღუპულ ძმას. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს გარდაიცვალა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მიიჩნევს „ძალიან სანდო და ერთგულ“ პარტნიორად

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკი „ძალიან საინტერესოდ“ მიიჩნევს იმას, თუ როგორ ხედავს საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალს. ამის შესახებ ლაიჩაკმა განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლაიჩაკმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდება 10 წელი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ამოქმედებიდან. მისი აზრით ამჟამად არ არის კარგი დრო „სამომავლო ხედვებისათვის“, რადგან ევროპა არჩევნებისათვის ემზადება.

„მაგრამ საქართველო ყოველთვის იყო ძალიან სანდო და ერთგული პარტნიორი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს აღწევს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, განაცხადა ლაიჩაკმა.

ლინკევიჩიუსის აზრით, ბრიუსელში ზურაბიშვილის ვიზიტი აჩვენებს, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანია საქართველოსათვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩასვლის შესახებ.

„კარგია, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის. ეს აჩვენებს, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსათვის და ვიცით, რომ საქართველოს მხარე რეფორმების პროცესშია“, განაცხადა მან ბრიუსელში, სადაც იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. საქართველოს საკითხი არ დგას ოფიციალურ დღის წესრიგში.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ლინკევიჩიუსი შეეხო რთულ ვითარებას სეპარატისტული რეგიონებისა და ბორდერიზაციის პრობლემების გამო.

რუსეთის რეგიონებში მოითხოვენ გაზის დავალიანების ჩეჩნეთის მსგავსად ჩამოწერას

რუსეთის რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელმა დეპუტატებმა პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, მოსახლეობას ჩამოუწერონ გაზის დავალიანება, როგორც ეს ჩეჩნეთში მოხდა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ასეთი განცხადებებით მიმართეს ორგანოებს ჩუვაშეთში, ბაშკირეთში, კრასნოიარსკში, ასტრახანის, როსტოვის, კურსკის, სვერდლოვსკისა და სმოლენსკის ოლქებში.

მანამდე გროზნოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ“-ს დაავალა ჩეჩნეთის მოსახლეობისათვის 9 მილიარდი რუბლის დავალიანების ჩამოწერა.

სასამართლოს მიმართა პროკურატურამ, რომელმაც ჩათვალა, რომ დავალიანების ამოღება არარეალისტური იყო და საზოგადოებაში იწვევდა „სოციალურ დაძაბულობას“, რასაც შესაძლოა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყოლოდა. „გაზპრომი“ აპირებს გროზნოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

2017 წლის ნოემბრიდან გროზნოში მოსახლეობას გაზმომარაგება უწყდებოდა დავალიანების გამო. დიდია დავალიანება ელექტრომომარაგების სფეროშიც.

ჩეჩნეთის ბიუჯეტის 80%-ს ფედერალური ცენტრიდან დოტაციები შეადგენს. ოპოზიციის ინფორმაციით, ამ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ფუფუნებაში ცხოვრებას.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ბედი ჯერჯერობით უცნობია

ტრიპოლი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს იმის დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილია. „შეიძლება ბევრი ვერსია არსებობდეს, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო ვერსიას არ გამოაქვეყნებს, ამას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას ლიბიური მხარისგან“ - უთხრა ჟურნალისტებს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისი ინფორმაციით, ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს და გენერალური საკონსული სტამბოლში, რადგან გემი, საიდანაც ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა, თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ლიბიაში დეტალებს არკვევს თურქული კომპანიის ადვოკატიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით რაზმაძის ნათესავისგან 15 იანვარს მიიღეს ინფორმაცია, რომ მეზღვაურთან კონტაქტი 7 იანვრის შემდეგ შეწყდა.

დაიწყო გამოძიება მაგნიტოგორსკში ტერორისტული თავდასხმით მუქარასთან დაკავშირებით

2018 წლის 21 იანვარი: მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც 31 დეკემბერს ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში რამდენიმე ორგანიზაციამ ელფოსტით მიიღო ანონიმური წერილები შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საავადმყოფოები, სკოლები და სავაჭრო ცენტრებია ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 21 იანვარს ასეთი წერილები მიიღეს. ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, „ნუ წამოეგებიან პროვოკაციას“ პანიკაში ჩავარდნით.

დაწყებულია გამოძიება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, მოწმდება ინფორმაცია მაგნიტოგორსკის ინსტიტუტებში ბომბების დამონტაჟების შესახებ.

ქალაქში დაძაბული ვითარებაა 31 დეკემბრიდან, როცა აფეთქებამ დაანგრია საცხოვრებელი სახლის ნაწილი და შეიწირა 39 ადამიანის სიცოცხლე. ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა და რომ უსაფუძვლოა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადება ამ აფეთქების მოწყობის შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

რუსი სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაშავდა წებელდის პოლიგონის მახლობლად. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ დღეს, 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. სამხედრო ოლქის ოფიციალური განცხადების თანახმად, წებელდის მთიანი პოლიგონიდან დისლოკაციის მუდმივი ადგილისკენ მიემართებოდა საბრძოლო ტექნიკის კოლონა, რომლის შემადგენლობაში მყოფი ჯავშანმანქანა ხეობაში გადავარდა. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობითვე, სპეციალური კომისია უბედური შემთხვევვის მიზეზებად განიხილავს ტექნიკურ გაუმართაობას და მძღოლის შეცდომას.

ისრაელი ადასტურებს სირიაში ირანის ჯარებზე ავიაიერიშის მიტანას

2018 წლის 21 იანვარი: სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა დამასკთან

ისრაელმა 21 იანვარს დაადასტურა, რომ იერიში მიიტანა ირანის სამხედრო ობიექტებზე სირიაში. ისრაელის სამხედრო ძალების ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ავიაიერიშები განხორციელდა დამასკის საერთაშორისო აეროპორტთან.

ასევე ამ განცხადებამდე ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვამ ჩამოგდო რაკეტა გოლანის მაღლობებზე. „ვაფრთხილებთ სირიის შეიარაღებულ ძალებს, ნუ შეეცდებიან ავნონ ისრაელის ჯარებს, ან ტერიტორიას“, ნათქვამია ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებაში.

მასში არ არის მოყვანილი ოპერაციის დეტალები. მაგრამ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ" გაავრცელა ცნობა, რომ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დამასკის აეროპორტთან და დედაქალაქის გარშემო. ამ წყაროს თანახმად, იერიშები, როგორც ჩანს, მიმართული იყო ირანის ჯარებისა და ლიბანელი შიიტების გასამხედროებულ ჯგუფ "ჰიზბოლას" იარაღის საცავების წინააღმდეგ.

"სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, დაიღუპა 11 ადამიანი.

ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერს გადადგომისკენ მოუწოდებენ

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. „ევროპული საქართველოს, „ძალა ერთობაშიას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, ისინი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, მერის შეცვლას სთხოვენ.

"ქართული ოცნების" მავნებლურ პოლიტიკას, რამაც დააკარგვინა ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ემატება ის რომ ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო. ერთადერთი -თეთრი ხიდია.თქვენ ხედავთ რა დამართეს ისტორიულ ხიდს.ჩვენი მოთხოვნაა ეს ადამიანი სასწრაფოდ ჩამოაშორდეს ქუთაისის მმართველობას", - განაცხადა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სამსონ გუგავას თქმით, ყველა განხორციელებულ პროექტს ხარვეზები აქვს.

"ქალაქში განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი, ქუთაისს სჭირდება ნორმალური, ქმედითი და არა კომიკური ხელისუფლება".

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან გოგისვანიძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ჩამოაშოროს არსებული გუნდი მმართველობას.

„ქუთაისში ყვავის კორუფცია, უპასუხისმგებლობა და ნეპოტიზმი. ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და ქუთაისის მოსახლეობას მისცეს საშუალება აირჩიოს ღირსეული მერი. არც ერთი გუნდის დროს ქალაქი ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა. ჩვენ მივმართეთ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს, ჩამოაშორონ ეს გუნდი მმართველობას. „ოცნებისათვის“ ახალი არჩევნების ჩატარება რისკია, თუმცა რისკია ამ გუნდის ქალაქის ხელისუფლებაში დატოვებაც,“ - აღნიშნავს ლევან გოგისვანიძე.

ოპოზიციის მოთხოვნას მერის გადადგომის შესახებ გამოეხმაურა თავად გიორგი ჭიღვარია, რომლის თქმითაც, ის არჩეული მერია და თავის გუნდთან ერთად ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებს.

„ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებებული ქალაქი, ისინი ხედავენ ამას და მათ არ აწყობთ ეს, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი. 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ და გვაქვს სერიოზული გეგმები 2019 წელს,“- განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გიორგიჭიღვარიას იმპიჩმენტის მოთხოვნით, კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.

ერაყში ეთხოვებიან არქეოლოგს, რომელიც სათავეში ედგა ეროვნული მუზეუმის აღდგენას

ერაყში გლოვობენ არქეოლოგ ლამია ალ-გაილანის, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა გაძარცვული ეროვნული მუზეუმის აღდგენაში. მუზეუმი გაძარცვეს 2003 წელს ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ.

ბაღდადში, ეროვნულ მუზეუმში, 21 იანვარს შეიკრიბნენ კოლეგები და რიგითი მოქალაქეები გაილანის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ის 18 იანვარს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუზეუმის გაძარცვის შემდეგ გაილანი მუშაობდა მოპარული არტეფაქტების აღსარიცხად და 2015 წელს ექსპოზიციის ხელახლა გასახსნელად.

ის მუშაობდა აგრეთვე 2016 წელს ქალაქ ბასრაში ახალი მუზეუმის შესაქმნელად.

მერიამ ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიასთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია

ვაკის პარკი

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა ვაკის პარკში სასტუმროს ასაშენებლად 2013 წელს გაცემული ნებართვის გამო. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი არ თანხმდებიან არც ადგილმონაცვლეობას და არც პარამეტრების შემცირებას.

„ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული. ერთი იყო სპეცნებართვა 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა. ამის საფუძველზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადიანი, რომელსაც ეს ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე ეკუთვნის მშენებლობის ნებართვა მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს. გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას. გუშინ, მედიაშიც და სოციალურ ქსელშიც იყო საუბარი, რომ ნებართვას ვადა აქვს გასული, მაგრამ ნებართვა რის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა იმდროინდელმა მერმა და რომელიც დღესაც ძალაშია. ამის საფუძველზე მას აქვს უფლება მოითხოვოს 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად ნებართვის გაცემა. „ეს არის ის საკმაოდ მძიმე ვითარება, რომელიც მერიას შეექმნა და ახლა ყველაფერს ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ“ - განაცხადა ხმალაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად: ძალაში დარჩა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება, რომლითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით დამტკიცდა სპეციალური ზონალური შეთანხმება და არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

ვაკის პარკში, სასტუმროსთვის გამიზნული 2863.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიების სახელები წლების განმავლობაში იცვლებოდა: „გრაალი“ „აგრო ლენდ ჯორჯიამ“ შეცვალა და ბოლო პერიოდამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებში „ტიფლის კოსტავა“ ფიგურირებს.

„ჯეოსელი“ და „მაგთი“ მომსახურებას აძვირებენ

1 მარტიდან "ჯეოსელის" აბონენტებს მომსახურების საფასური გაეზრდებათ. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტარიფის ზრდა უკავშირდება გარკვეული სერვისების გაფართოებას, ასევე მობილურ ქსელში 4.5G ტექნოლოგიის დანერგვას.

1 მარტიდან ჯეოსელის აბონენტებს მობილური სერვისის „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი დაუჯდებათ. „ახალი პაკეტი მეტი M“-ის საფასური15 ლარი გახდება,10 -ის ნაცვლად. „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან 25 ლარის ნაცვლად30 ლარი ეღირება,

კომპანია „მაგთის“ თანახმად კი, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ის ნაცვლად, განახლებულ 30 - ლარიან პაკეტს მიიღებს. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება.

ორივე კომპანიის განცხადების მიხედვით, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

კომპანიები შემოიღებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურსაც, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი ეღირება. ნომრის მომსახურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში აბონენტის ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, არ გაუქმდება და მომსახურება შეუზღუდავად იქნება ხელმისაწვდომი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მამუკა ბახტაძე და საულიუს სკვერნელისი

ვილნიუსში გაიმართა ლიეტუვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, საულიუს სკვერნელისის და მამუკა ბახტაძის შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს და ლიეტუვის მთავრობების და პარლამენტების წევრები. განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ლიეტუვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ვილნისუში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.

გიორგი მიქაუტაძე: კონკრეტული მოსამართლების დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს

კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციის და„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის სრული დაცვით მიიღო, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში, ის ასე გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორის დღევანდელ აქციას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გაიმართა.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა 10- კაციანი სია პარლამენტს, კანონის სრული დაცვით წარუდგინა, ამ სიის მოწინააღმდეგე პირების მხრიდან კი იკვეთება, რომ პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

„კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ნამდვილად პირადი ინტერესი და კონკრეტული პირების მიმართ არსებული პირადი ინტერესები. ნათლად დავინახეთ ის, რომ არანაირ კრიტერიუმებზე და რეგულაციებზე აქ საუბარი არ არის და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი სიცრუე, როგორც ჩვენ ამას ვამბობდით, არანაირ კრიტერიუმზე და რეგულაციებზე საუბარი არავის არ სურს. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლსი საბჭოს წევრების მიმართ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის საერთო სასამართლოების შესახებ სრული დაცვით. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ. შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შეხახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე სიტვებით არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესზე გავლენის მოხდება.

„მათი ინტერესია გავლენა ჰქონდეთ იმ პროცესზე,რაც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა. კონკრეტული კანდიდატურების შერჩევისას მათი მხრიდან იყოს ჩარევა ამ თუ იმ ფორმით, იყოს სავალდებულო წესით გასათვალისწინებელი რჩევები, რომელსაც მისცემს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს ამ თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. თუ კანდიდატურები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ისე,როგორც ეს აქამდე ხდებოდა უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთან დაკავშირებით, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება. ხოლო, თუ იუსტიციის საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს ამ კანდიდატურებს და ყველანაირი გარე ძალების გარეშე ხორციელდება ეს პროცესი, ეს რა თქმა უნდა, მათ უკამყოფილებას გამოიწვევს. პიროვნული დევნის, კონკრეტული მოსამართლების დევნის ფორმით გამოხატავენ მათ პროტესტს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ თანახმა ვართ, ყველა კრიტერიუმი და რეგულაცია, რომელსაც შემოგვთავაზებს პარლამენტი და თუ ასეთი იქნება კანონის მიხედვით გაწერილი, დავუქვემდებაროთ ყველა კანდიდატს, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრობაზე იქნება დასახელებული“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ხელს მოაწერეს მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა, რომლებმაც ხმა მისცეს და კენჭი უყარეს მოსამართლეთა იმ სიას, რომელიც პარლამენტმა უვადოდ უნდა დანიშნოს, ასევე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებასანამ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება და ის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს კანდიდატებს არ დატოვებენ თანამდებობებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებულმა კარანტინმა ქართველ სტუდენტებს პრობლემა შეუქმნა

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადასვლას ვერ ახერხებენ სტუდენტები, რომლებიც ზუგდიდის უნივერსიტეტში სწავლობენ. მათ ე.წ. საზღვარზე არ უშვებენ „ღორის გრიპის“ გამო დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 11 იანვრიდან გამოცხადებული კარანტინის გამო. მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვრის დაკეტვამ გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა შეუზღუდა 12-მდე გალელ სტუდენტს, რომლებსაც ზუგდიდში საცხოვრებელი არ აქვთ და სწავლის პროცესში მუდმივად უწევთ გალსა და ზუგდიდს შორის მგზავრობა. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოცდების ჩაბარება ამ კვირიდან დაიწყეს. უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სტუდენტებისთვის გამოცდები ცალკე ჩატარდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იმსჯელებს

სტრასბურგში იწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. 21 იანვარს, პირველივე სხდომის დღის წესრიგშია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. დღის წესრიგშია ანგარიში სომხეთში 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. საარჩევნო საკითხებზე დებატები გაიმართება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობს პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

„მართლმსაჯულების გადასარჩენად“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები ხელს მოაწერენ მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.

როგორც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის" იურისტმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, ამ აქციაზე არის ყველა ვინც უერთდება მოთხოვნებს და მანიფესტს. მთავარი მოთხოვნა არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა, რომლებმაც ხმა მისცეს და კენჭი უყარეს მოსამართლეთა იმ სიას, რომელიც პარლამენტმა უვადოდ უნდა დანიშნოს, მთავარი მოთხოვნაა ასევე ის, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი არ განახლდეს სანამ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება და ის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს კანდიდატებს არ დატოვებენ თანამდებობებს.

„ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არსებობდა კრიტერიუმებიც, არსებობდა პროცედურაც, თუმცა ლევან მურუსიძე აღმოჩნდა ყველაზე ღირსებული, ყველაზე კეთილსინდისიერი და ყველაზე კომპეტენტური მოსამართლე ამ ქვეყანაში და საბჭოს 11 წევრი ცდილობს ამ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეზე და ლევან მურუსიძეზე უფრო კომპეტენტური იურისტი ამ ქვეყანას არ ჰყავს და ისინი იმსახურებენ, რომ იყვნენ უვადოდ დანიშნული მოსამსართლეები. ეს არის პროტესტის საფუძველი და მიზანი არის ის, რომ საბჭოს შეადგენლობა განახლდეს და სანამ ეს არ მოხდება პარლამენტის მხრიდან არანაირი კრიტერიუმების და პროცედურების დადგენას აზრი არ აქვს“, -განაცხადა სოფო ვერძეულმა.

​აქციაში მონაწილეობას იღებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, „სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.”

აქციის ორგანიზაატორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს.

მექსიკაში გაიზარდა მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 85-მდე გაიზარდა მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო 79 ადამიანის გარდაცვალება. მექსიკის ხელისუფალთა განცხადებით, 54 ცხედარი იმდენად დამწვარია, რომ მათი ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით იქნება შესაძლებელი. საავადმყოფოებში რჩება 72 დაშავებული. მექსიკის ქალაქ ტლაუელილპანში მილსადენზე აფეთქება 19 იანვარს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ Pemex-მა მილსადენის დაზიანების შესახებ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა, თუმცა, ნავთობის გაჟონვის მასშტაბი სათანადოდ ვერ შეაფასა და მილსადენის გადაკეტვა საჭიროდ არ ჩათვალა. უცნობმა პირებმა მილსადენი განზრახ დააზიანეს, რის შემდეგაც ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიწყო დაზიანებული მილიდან საწვავის მიტაცება.

მექსიკაში ამჟამად საწვავის დეფიციტია. 2018 წლის დეკემბერში, მთავრობამ რამდენიმე მილსადენი დაკეტა საწვავის მიტაცების აღსაკვეთად. ბენზინის ტრანსპორტირება დაცული ცისტერნებით ხდება. მთავრობის ახალი პოლიტიკის გამო, ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგებია. მექსიკელები საწვავის მარაგის შექმნას ცდილობენ. 19 იანვარს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ საწვავის მიტაცებასთნ ბრძოლის პოლიტიკა არ შეიცვლება.

განათლების მინისტრი: ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა

მიხეილ ბატიაშვილი

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საშობაო არდადეგები გასული კვირის დასაწყისში უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, გრიპის ვირუსის გამო სასაწავლო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო. განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებას. ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში არსებულ მდგომარეობას ყოველდღიურად დააკვირდებიან და თუ დამატებითი ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტრო გადაწყვეტილებას უსწრაფესად მიიღებს.

„სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრო "კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს, საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვაში იმყოფება

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში. მამუკა ბახტაძეს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებას გამართავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის შეხვედრა ლიეტუვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს. მამუკა ბახტაძესთან ერთად ვილნიუსში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.

ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი საქართველოშია

ამერიკული სამხედრო გემი "დონალდ კუკი"

დღეს დილით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი.“ ის ამჟამად ბათუმის პორტში იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა წვრთნაში. საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში. “დონალდ კუკი” საესკადრო ნაღმოსანი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია “არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველ უცხოურ ვიზიტს იწყებს

სალომე ზურაბიშვილი

დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ანტონიო ტაიანის, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინაშიც. სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი 23 იანვრამდე გაგრძელდება.

იუსტიციის საბჭოს სხდომასთან ერთად საპროტესტო აქცია ჩატარდება

იუსტიციის საბჭოს შენობა

დღეს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. 11 საათზე დანიშნული სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყება გასაუბრება მოსამართლეობის 7 კანდიდატთან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 2018 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.

სხდომის წინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაიწყება საპროტესტო აქცია სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ხელს მოაწერენ მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, „სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.”
აქციის ორგანიზაატორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG