Accessibility links

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი უნდა დატოვოს აშშ-ის 755-მა დიპლომატმა


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი უნდა დატოვოს აშშ-ის 755-მა დიპლომატმა. მანამდე მოსკოვმა ვაშინგტონს განუცხადა, რომ მან რუსეთში დიპლომატების რიცხვი უნდა შეამციროს. ეს ზომა მოჰყვა აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტურვიუში პუტინმა თქვა, რომ აშშ-ის საელჩოში ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა და მუშაობს და რომ 755-მა უნდა შეწყვიტოს რუსეთში საქმიანობა. მოსკოვმა ამერიკელი დიპლომატების რიცხვის შემცირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა ხელმოსაწერად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სანქციების შესახებ კანონი ადასტურებს საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის „უკიდურეს აგრესიას“. პუტინის დღევანდელ განცხადებამდე ორი დღით ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი ხელს მოაწერს კანონპროექტს. 30 ივლისის ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ აშშ-ის დიპლომატების რიცხვის შემცირება საკმაოდ მტკივნეული იქნება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG