Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს იწყებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

საქართველოში ვიზიტს იწყებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. ის დღეს საღამოს ეწვევა საქართველოს მეუღლესთან, კარენ პენსთან ერთად. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 19 საათზე გაიმართება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, მის მეუღლესა და დელეგაციის წევრებს უმასპინძლებს ოფიციალურ ვახშამზე. ხვალ, 1 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებსაც. სწავლებაში, რომელიც 30 ივლისს გაიხსნა ვაზიანის ბაზაზე, მონაწილეობს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2800-ზე მეტი სამხედრო. წელს მაისში, ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, რომლის დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსი საქართველოში მიიწვია. თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა ტალინში, სადაც 30 ივლისს შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს და ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებს. საქართველოდან მაიკ პენსი ჩერნოგორიაში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG